ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წვერის, ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომ შსს-მ მირზა სუბელიანის ვინაობის დადგენას ორი თვე მოანდომა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ასე უპასუხა:
"შსს-მ მირზა სუბელიანი 2018 წლის ივნისში დააკავა, თუმცა მისი ვინაობა მანამდეც იცოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, ვინ იყო მირზა სუბელიანი და დააკავა მაშინ, როდესაც საჭირო იყო" - განმარტა მინისტრმა.
აბესაძის კითხვას, რატომ მოიხსენია გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ მირზა სუბელიანი ოფიციალურ ოქმში უცნობ მამაკაცად გახარიამ უპასუხა, რომ გამომძიებელი ირაკლი ფიფია სუბელიანს სახეზე ვერ ცნობდა, თუმცა ამას ამას საგამოძიებო ღონისძიებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
აბესაძემ კი შს მინისტრს შეახსენა, რომ სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, 2017 წლის დეკემბერში ფიფია ტელეფონით მირზა სუბელიანს 12-ჯერ ესაუბრა.
გახარიამ საპასუხოდ ეს საუბარი სპექტაკლს შეადარა:
„ვუშვებ, რომ სახეზე ვერ ამოიცნო და ის, რომ გამოძიების პროცესში დაურეკა 12-ჯერ, არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს იცნობდა. თქვენ უკვე გქონდათ ფიფიასთვის დამაზუსტებელი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა, რომ აქ ეს სპექტაკლი არ დაგედგათ" - განმარტა შს მინისტრმა.
იგივე შენიშვნა ჰქონდა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასაც, რაზეც მინისტრმა ასე უპასუხა:
"ბატონო გიგა, თუ შეიძლება, ობიექტურობისთვის ამოიღეთ მაგალითისთვის ირაკლი ფიფიას მიერ სხვა მშობლებთან განხორციელებული ზარები. მოდით, ახლა მოვიტან მე იმ ზარებს და მერე ვისაუბროთ. როცა მოგაქვთ მხოლოდ ერთ მშობელთან დარეკილი, ახლა ამოვაღებინებ და მოვიტან და მერე სხვაგან ოცი დარეკილი რომ იქნება, მერე მიმტკიცეთ, რომ მათაც იცნობდა, ყველა მშობელს იცნობდა ირაკლი ფიფია“, – დასძინა გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით 2018 წლის 9 ივნისს დააკავა.