ანა ნაცვლიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე უარის თქმა, დაადასტურებს ეჭვებს, რომ მმართველ პარტიას არ სურს სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან

13:55 08-03-2018
111

საქართველოს პრეზიდენტი ორშაბათიდან პროფესიულ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილია, რომ მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე, ფართო ჩართულობის მქონე პროცესის მეშვეობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეულ კანდიდატზე შეჯერება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ მაღალ პოზიციას და რომელიც შეძლებს ამ ურთულეს ვითარებაში სასამართლო სისტემა გაჯანსაღებისკენ წაიყვანოს.

"შესაბამისად, ეს არ იქნება პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა. ეს იქნება საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეული ადამიანი, რომელზეც უარის თქმა, ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნება და დაადასტურებს იმ ეჭვებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან და მისცეს მას რეალური შესაძლებლობა, რომ იქ დაიწყოს ჯანსაღი პროცესები.

ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესი, ამიტომ საჭიროა ახლა, როგორც არასდროს, რომ ყველა პროფესიულმა ჯგუფმა, ყველამ ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნის მომავალზე და მართლმსაჯულების მომავალზე, მიიღოს აქტიური მონაწილეობა. 

ჩვენ ველოდებით გამოხმაურებებს, ბუნებრივია ჩვენ თავადაც გვექნება კონტაქტი ჯგუფებთან, მაგრამ ყველა დაინტერესებული მხარიდან ველოდებით მოსაზრებებს, რათა ვიპოვოთ კარგი კანდიდატი, ღია, სრულიად გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით”, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

ავტორი: