ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან, მირზა სუბელიანთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, არასდროს უსაუბრია.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ამბობდა, რომ მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველ კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო. მისივე თქმით, სუბელიანი პროკურატურას ამ კადრებით აშანტაჟებდა, ვინაიდან არ სურდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში სხვა პირები მიეცნენ.