ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს - ამის შესახებ კობაურის ადვოკატმა პრაიმტაიმს განუცხადა.
როგორც მწყემსის ადვოკატი ამბობს, ექსპერტიზის დანიშვნას ბრალდებულის ადვოკატები ეთანხმებიან, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ კობაური ფსიქიურად ჯანმრთელია, ბრალდების მხარის მოსაზრება მკვლელობაზე არ დადასტურდება:
გადაყვანილია შემოწმებაზე, თუ რამდენად ქმედუნარიანია და შეუძლია, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს აზროვნება. ბრალდების მხარე მას ედავება, რომ ჯერ მოკლა ორი ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი და შემდეგ იძალადა ქალზე და ისიც მოკლა. ამიტომ, ბრალდების მხარეს თავად უნდა გადაამოწმოს, რამდენად რელევანტურია აღნიშნული მსჯელობა. თუ დადგინდა, რომ ქმედუნარიანია, გამორიცხულია მას ჩაედინა დანაშაული. ამიტომ ჩვენ ვეთანხმებით ამ ექსპერტიზის დანიშვნას. დარწმუნებული ვართ, კობაური ჯანმრთელია - განუცხადა პრაიმტაიმს ალექსანდრე კობაიძემ.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
პირი, რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობას ედება ბრალად, 1998 წელს დაბადებული, 19 წლის მალხაზ კობაურია. ბრალდებული წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.