ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები - გიორგი გახარია ოთარ კახიძეს

14:48 08-03-2018
125

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრს უსმენენ. კომისიის წევრის, ოთარ კახიძის კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება იმის დასადგენად, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ხომ არ იყენებდა თავის პირად ნაცნობობას ან სამსახურებრივ მდგომარეობას ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, შს მინისტრმა ასე უპასუხა:

"ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ ამისთვის შეიქმენით, იმისთვის, რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი – ეს ერთი. მეორე – თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ გამომძიებელ ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილი და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა.

სუბელიანი დაკავებულია, გამოძიება გრძელდება. თუ გამოვლინდა ისეთი ფაქტები, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, ეს პროცესი დაწყებულია, თუმცა თქვენ არ დაგიწყიათ და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს" - განაცხადა გახარიამ.

საპასუხოდ დასმულ კითხვაზე, არსებობს თუ არა დღეს საკმარისი ინფორმაცია და საეჭვო გარემოებები იმისთვის, რომ სუბელიანის მიმართ გამოძიება დაიწყოს, გახარიამ კვლავ კომისიის უფლებამოსილებაზე გაამახვილა ყურადღება:

"თქვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნუ ანაწილებთ სხვაზე ამ შემთხვევაში ჩვენზე. თქვენ ხომ  გინდოდათ ეს კომისია, ამისთვის შეიქმენით. ეს არის თქვენი მანდატი, დაასრულეთ და შემდგომ ვიმსჯელოთ" – დასძინა შს მინისტრმა.

კომისიის სხდომაზე 11:00-დან შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ. დღესვე იგეგმება იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის მოსმენაც.

ავტორი: