ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებისგან უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდა.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთად გამოკითხა.
"ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი, თუმცა უფრო მეტი მოლოდინი მქონდა და მეგონა, უფრო მეტ კითხვას დამისვამდნენ საქმის შინაარსიდან და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვის ნიშნებს, რომელიც იგულისხმებოდა, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ იყო სპეკულაციები, თითქოს ფარუდლი დაანგრიეს პოლიციელებმა და გაცემულია ამაზე პასუხი, მათ შორის კომისიის მიერ, რომ ფარდული პოლიციელებს არ დაუნგრევიათ და იქვე მაცხოვრებელმა მოსახლეობამ დაანგრია საკუთარი სურვილით. რაც შეეხება გაღუნულ დანას, ის გაღუნული არ არის, არის მცირედით დეფორმირება, მიკროსოპით ხილვადი და შესაბამისად, ამ დანის შემდგომი ექსპერტიზებისათვის თუ საგამოძიებო ექსპერიმენტებისთვის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა დანაშაულის ადგილი - ფარდული დაცული, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, შემთხვევის ადგილი უნდა იყოს დაცული, ვიდრე შემთხვევის ადგილი არ დათავლიერდება.
"დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, და შემდეგ შსს-ს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა მისი დაცვის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.