"ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს დღეს, კომისიას არ აქვს დადგენილი პირდაპირ კავშირში არის თუ არა საბოლოო შედეგთან" - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩვენ არ მოვსულვართ ოპოზიციურ პარტიასთან, ჩვენ მოვედით კომისიის სხდომაზე.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გამოძიება გრძელდება. ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
გვესმის, რომ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამიტომ ვართ აქ და ამიტომ გავეცით ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც დასვეს. გამოძიების პროცესში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, იყო რაიმე სახის დარღვევები თუ არა. ეს არის კომისიის ფუნქცია. თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომელსაც პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჰქონდა საბოლოო სასამართლო განაჩენზე, შსს მივიღებთ შესაბამის ადეკვატურ ზომებს.
ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩამოთვალეს დღეს კომისიას არ აქვს დადგენილი პირდაპირ კავშირში არის თუ არა საბოლოო შედეგთან. თუ კომისია, რომელიც ორ თვეზე მეტია მუშაობს, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა ეს იქნება ჩვენთვის მთავარი და ამიტომ ველოდებით კომისიის დასკვნას" - განაცხადა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ, რაც კომისიის სხდომა დატოვა.
დღეს პარლამენტში, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სწავლობს, შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოჰკითხეს.