ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოსასმენად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაიბარა. შეხვედრა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რაზეც წულუკიანმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.
პრაქტიკულად ორი თუ სამი კითხვა დამისვეს. ვეთანხმები თუ არა კვლავ, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო და მე ვუპასუხე, რომ დიახ, ვეთანხმები. მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის არის გასაოცარი. იმედი მაქვს, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიას არ აქვს სურვილი სიღრმისეულად განიხილოს თუ რა როლი აქვს სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს.
ამას ალბათ ამით ავხსნიდი, რომ კომისიის ზოგიერთ წევრს, რომელიც უმრავლესობაშია უბრალოდ არ სურდა ჩემგან მოესმინა ის ძალიან დიდი პოზიტივი, სისხლის სამართლის რეფორმებზე, რაც ჩვენ ექვსი წლის მანძილზე გავატარეთ.
მათთან მე სტატისტიკით მოვედი და მინდოდა მეთქვა, რომ რადგან ბავშვთა სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე, ჩვენ გავატარეთ ძალიან დიდი რეფორმა, ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი შემოვიღეთ და ამან გამოიწვია ის, რომ თუ 2011 წელს 190 პატარა ბავშვი იყო მაშინდელ ციხეში, დღეს მხოლოდ 32 არასრულწლოვანია. მათი უფლებები დაცულია.
ის ფაქტი, რომ დღეს ეს საგამოძიებო კომისია არსებობს და მუშაობს, ნიშნავს იმას, რომ ჩემს მიერ, სამინისტროს და მთავრობის, ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ ვერავინ, გამომძიებელი, პროკურორი და ვერც ესენი - საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა, ვერ ყრიან მტკიცებულებების გარეშე ბავშვებს ციხეში - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და დასძინა, რომ მის მიმართ კითხვების არარსებობამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ბრალდებები რასაც მის მიმართ გამოთქვამდნენ, აბსურდული და პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო:
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დადუნაშვილის დედას, მამას, სარალიძის დედას, რომელიც თითქმის არასდროს არ ჩნდება და არც კი წარმოგვიდგენია მისი ტკივილი და ვერც წარმოვიდგენთ, მამას ასევე და მინდა მათ ვუთხრა: პროკურატურა, სასამართლო, გამოძიება, მე რაც ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე იყო და დაველოდები საგამოძიებო კომისია საწინააღმდეგოს თუ დაადგენს, იყო ბოლომდე სიმართლის მხარეზე. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საგამოძიებო კომისიას ქმნიან პოლიტიკოსები იმისთვის, რომ სასამართლოსი მიმდინარე დავაზე იმსჯელონ. მე ვფიქრობ, რომ აღრეულია მცნებები, აღრეულია ხელისუფლებებს შორის ბალანსი და ურთიერთდამოკიდებულება.
არ ველოდი, რომ სულ 5 წუთი დავყოფდი დროს დარბაზში. კითხვების არარსებობა ჩემდამი მიანიშნებს იმას, რომ არც არასდროს ყოფილა რეალური კითხვები ჩემდამი და დიდი შეურაცხყოფის თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რომ გადადექი და შენი ბრალია ყველაფერი, იყო ცარიელი წყალი - განაცხადა კომისიის სხდომიდან გამოსულმა თეა წულუკიანმა.
კომისიის სხდომაზე დღეს ასევე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუსმინეს.