კომისიის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძეს განცხადებით,ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საქმეზე მოხსენებას პარლამენტის ბიუროს სექტემბრის დასაწყისში წარუდგენს. მისი თქმით, გამოკითხვებით მტკიცებულებების შეგროვების ნაწილს კომისია სავარაუდოდ შემდეგ კვირაში – სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასრულებს და მოხსენებაზე მუშაობას მეორე დღესვე დაიწყებს.
„მოხსენება მზად იქნება მომდევნო10 დღის, მაქსიმუმ კი – ორი კვირის განმავლობაში. აგვისტოს შუა რიცხვებიდან გვექნება საშუალება მოხსენების პირველი ვერსია ვნახოთ და ამ კონკრეტულ ვერსიაზე აგვისტოს ბოლომდე შევთანხმდეთ.
აღნიშნული ვერსია უნდა წარვადგინოთ პირველივე ბიუროს სხდომაზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში, 2-3 სექტემბერს იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებები მოისმინა. კომისიაზე დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელსაც მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.