ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
NDI-ს და IRI-ს კვლევებმა აჩვენა რამდენად დიდი კონკურენცია იქნება საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის. მას შემდეგ რაც ყოფილი მმართველი პარტია გაიყო, ისინი ფოკუსირებას ერთმანეთზე აკეთებენ. ჩანს, რომ ქართულ ოცნებას კი არ განიხილავენ ისინი ერთმანეთის კონკურენტად, არამედ, ერთმანეთს. მიშამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის „პოლიტიკური ჯართი“ არ არის, „ევროპულმა საქართველომ“ კი უნდა დაამტკიცოს, რომ მიშა „პოლიტიკური ჯართია“...
ასე რომ, გასაკვირი არ არის, ნაციონალებმა NDI-ს კვლევები ააფრიალეს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ევროპელებმა კი - IRI-ს.
ნიშანდობლივია რომ ორივე კვლევის მონაცემებით, მეორე ტურის შანსი მაღალია, თუმცა, NDI-ს მიხედვით ქართულ ოცნებას მეორე ტურში კონკურენციას გრიგოლ ვაშაძე გაუწევს, IRI-ს მიხედვით - კი დავით ბაქრაძე.
კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუკი მარგველაშვილი არჩევნებში შემოვა, მას აქვს რისკი რომ ბოლო ადგილზე გავიდეს.
NDI-ს შედეგების მიხედვით მარგველაშვილი IV ადგილზეა - შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ კანდიდატი - 12%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 10%; დავით ბაქრაძე – 6%; გიორგი მარგველაშვილი - 6%.
IRI-ს მონაცემებით, მარგველსვილი III ადგილზეა, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ქართული ოცნების კანდიდატს -17% დაუჭერდა მხარს; დავით ბაქრაძეს -16%; გიორგი მარგველაშვილს - 10%; გრიგოლ ვაშაძეს -8%. ბაქრაძე ვაშაძეს ზუსტად ორჯერ უსწრებს.
ისე ჩანს, თითქოს მმართველი პარტიის გამარჯვებაში ძირითადი ოპოზიციური პარტიები დარწმუნებულები არიან, ამიტომაც, აქ მათ კითხვის ნიშნები არა აქვთ.
ამ და კვლევების სხვა საინტერესო ტენდენციებზე „პრაიმტაიმს“ სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ესაუბრა.
_ რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ორივე კვლევაში უკონკურენტო პირველი ადგილი აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ტურში გამარჯვების 100% შანსი აქვს, თუმცა, შეუძლია პირველ ტურშიც გაიმარჯვოს.
და ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ პარტიებს და მასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ მედიას საარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვთ და ჩვენ ვხედავთ რამდენად ზოგჯერ აგრესიულ ფორმებსაც კი იღებს ხელისუფლების კრიტიკა მათი მხრიდან. თავისთავად, ბევრმა ვერ შეძლო განვითარება და ვერ მოახდინა ადაპტაცია რეალობასთან, ახლა უყურებს რეიტინგებში სხვების მაღალ ან შედარებით მაღალ პოზიციებს და გაღიზიანებულია. ისინი ყველაზე არიან გაბრაზებულნი...
კვლევების მიხედვით, დიდი პროცენტს ჯერ გადაწყვეტილება არა აქვს მიღებული, ის ჩამოუყალიბებელია. თუმცა, როცა მიხვდება, რომ მისი არჩევანი, შეიძლება, მის პირად ცხოვრებაზე აისახოს, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გონივრული გადაწყვეტილება, როგორც წესი, სწორედ სახელისუფლო გუნდის სასარგებლოდ იქნება.
_ თქვენ საინტერესო მომენტები ახსენეთ. მართლაც, ერთის მხრივ 75% არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, მეორეს მხრივ, თქვით, რომ ოპოზიციამ დაიწყო უკვე საარჩევნო კამპანია, მართალია, მმართველ ძალას ჯერ კანდიდატურა არ წამოუყენებია, მაგრამ მან სამთავრობო ცვლილებები განახორციელა რითაც ელექტორატის იმედების რეფრეშინგი მოახდინა, მათში კონკრეტული მოლოდინები გააღვიძა, ეს არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი?
_ რა თქმა უნდა, არის. რებრენდინგი, რომელიც მოხდა და განხორციელდა, იმედს წარმოშობს ხოლმე. უფრო მეტ იმედს, ვიდრე, იყო. და ეს იმედი, როგორც წესი, არჩევნების დროს საარჩევნო გადაწყვეტილებაში რეალიზდება. ახალი მთავრობა, ახალი პროგრამა - მთელი ეს პროცესი საარჩევნო შედეგზეც აისახება. ეს პროცესი დაიწყო.დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჩამოუყალიბებელ ელექტორატზე ხელისუფლების სასარგებლოდ.
_ რომ დავაკონკრეტოთ, ჩამოუყალიბებელია გამოკითხულთა 75%. როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ ამხელა მხარდაჭერის დაკარგვა?
_ ამომრჩეველი გარკვეული მიზეზების გამო არ არის ჩამოყალიბებული. ბევრი ადამიანი გაბრაზებულია სრულიად ობიექტურად. ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ სად ვიყავით, სად მივდივართ და რა გზით ვაპირებთ მიზნის მიღწევას. მესმის, რომ ყველაფერი სწრაფად გვინდა, გვინდა გავხდეთ ისეთი როგორიც შვეიცარიაა, ევროპის სხვა განვითარებული ქვეყნებია. რეალობაც ხომ უნდა შევაფასოთ? რთული გზა გავიარეთ: ომი, ტერიტორიების დაკარგვა, კრიზისები. ამას გათვალისწინება უნდა. მესმის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ამის გათვალისწინება რთულია. არჩევნების დროს გაკეთებული საქმეების აკუმულირება ხდება, ასევე ხალხი ხედავს რა რესურსები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას და არჩევანსაც ამის მიხედვით აკეთებს. „ქართული ოცნება“ მოახდენს ამ იმედების და მოლოდინების შეკრებას, ხალხს დაანახებს რა ცვლილებებია დაგეგმილი, რა და როგორ განვითარდება და საარჩევნო შედეგსაც დადებს.
_ რა მთავარი ტენდენცია დაინახეთ NDI-ს კვლევებში?
_ ...თითქოს ჩვენი მოქალაქეები ცოტა ეგოიზმსაც კი ამჟღავნებენ. აღარ ფიქრობენ როგორ დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები, კვლევამ აჩვენა რომ ისინი უფრო მეტად ფიქრობენ დასაქმებაზე, ხელფასზე, ჯანდაცვის უკეთეს სერვისებზე. იმის თქმა მინდა, რომ სიტუაცია ნაკლებ პოლიტიზირებულია. ხალხი გადასულია მატერიალურ და მერკანტილურ მოთხოვნებზე, მათი მოთხოვნები ინდივიდუალურია.
თუმცა, ხალხს უნდა განემარტოს, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლება მოსილება მკვეთრად განსხვავებულია და მას მსგავსი პრობლემების გადაჭრა არ შეეძლება. მისი ფუნქცია ფურ წარმომადგენლობითი იქნება და ეს ინსტიტუცია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ნაწილი იქნება უფრო.
_ ეს ახალი ტენდენციაა? უმუშევრობა ადრეც იყო პირველ ადგილზე...
_ რა თქმა უნდა, მაგრამ, საზოგადოება იმავდროულად პოლიტიზირებულიც იყო, პარტიებს უფრო მეტად ენდობოდა. პარტიებისადმი ნდობა დაიკარგა. ამიტომაც, არის ძალიან ბევრი ჩამოუყალიბებელი ელექტორატი.
დრო გავიდა, ხალხმა გამოცდილება მიიღო, უფრო კონკრეტული რაღაცეები სჭირდება, პირველ ადგილას თავის ინდივიდუალურ და პირადი საკითხების მოგვარებას აყენებს. ნაკლებად ფიქრობს საგარეო ურთიერთობაზე. ამბობს, დიპლომატებს ჩამოვაკლოთ ფინანსები და გავზარდოთ შემწეობები და ჯანდაცვის პროგრამებიო. ეს ტენდენცია ჩანს. მას სურს მიიღოს სახელმწიფოსგან რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი, სახელმწიფოს უყურებს როგორც მამას.
_ ამ არასწორ და ცუდ ტენდენციას „ქართულმა ოცნებამ“, თქვენი აზრით, როგორ უნდა უპასუხოს?
_ „ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში ზოგადად იყო კრიზისი. მაგრამ ეს პოლიტიკური კრიზისი კი არ იყო, არამედ, განვითარების კრიზისი. ექვსი წელი უკვე გავიდა და მმართველმა ძალამ რაღაცა გააკეთა, რაღაცა ვერ გააკეთა. ახლა იმის ძიებაშია, თუ რატომ ვერ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება კრიზისის დასტური იყო. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ეს უნდა დავინახოთ, უნდა ვაღიაროთ და ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მისი დაძლევა. სწრაფი განვითარება გვჭირდება..
ამას შალვა ნათელაშვილს ხალხი რომ არ ანდობს, ეს გასაგებია.
ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც გააკეთა, ეს ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს - არ დავიწყებიათ. „ევროპული საქართველო“ საინტერესო პარტიაა. შეცდომებსაც აღიარებენ. ევროპელებსაც ექნებათ გარკვეული მხარდაჭერა. მათი სახით ნაციონალებიდან ინტელექტუალური შესაძლებლობები წავიდა და ამან ნაციონალები ძალიან დაასუსტა.
_ რამდენად სწორი სვლაა „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელ ფიგურაზე ფსონის ჩამოსვლა?
_ სწორი სვლა არის. მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის, პრეზიდენტის შეკვეცილი უფლებებია.
პრეზიდენტს რამის გადაწყვეტის ბერკეტები არა აქვს. ამიტომაც არ იკლავენ თავს ამ პოსტისთვის. ქალი პრეზიდენტი - თუკი სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს - სწორი გადაწყვეტილებაა. ის გამორჩეული ფიგურაა, საერთაშორისო მუშაობის გამოცდილება აქვს.
_ როგორ ფიქრობთ მეორე ტურის ალბათობა მაღალია? და ამ შემთხვევაში ვინ დაუპირისპირდება, თქვენი აზრით, „ქართულ ოცნებას“?
_ ალბათობა მაღალია, თუკი, მეორე ტური დადგება, მაშინ მმართველ ძალს, სავარაუდოდ, დათო ბაქრაძე დაუპირისპირდება. ის გადავა მეორე ტურში. გრიგოლ ვაშაძე, როგორც ვხედავთ, აგრესიულ და გაუგებარ კამპანიას აწარმოებს და ელექტორატისთვის ის მიუღებელია.