დიმიტრი ცქიტიშვილი: „ვერ გეტყვით, რომ რამე კონკრეტული პასუხი მთავარ კითხვაზე"

19:52 08-04-2018
64

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, აცხადებს, რომ დღევანდელი დაკითხვის შედეგად მნიშვნელოვანი და აქამდე უცნობი გარემოება არ გამოკვეთილა.

„დღევანდელი გამოკითხვებიდან გარკვეულ სიახლეებს ნაკლებად ველოდებოდით, თუმცა ვინაიდან სია იყო შედგენილი, მაინც ყველა უნდა გამოგვეკითხა, გამოვკითხეთ აღნიშნული არასრულწლოვნები. გარკვეული დეტალები დაზუსტებული იქნა და მე ვფიქრობ, დღეს მეტ-ნაკლებად გვაქვს სრული სურათი იმისთვის, რომ ანალიზი, დასკვნები გავაკეთოთ და საბოლოო ჯამში საზოგადოების წინაშე კომისია გარკვეული მოსაზრებებით წარსდგეს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

კითხვაზე, რჩებათ თუ არა შთაბეჭდილება კომისიის წევრებს, რომ არასრულწლოვნების ნაწილი კომისიას ინფორმაციებს განგებ უმალავს და არ აწვდის, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი მისგან სწორი არ იქნება, რადგან ეს მისი სუბიექტური აზრი იქნება. 

„განგებ არ მიაწოდეს, მიაწოდეს, თავი შეიკავეს თუ გაიხსენეს, ეს ძალიან პირობითი ცნებებია. ამიტომ ამას მე ვერ დავაკონკრეტებ. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებებია რაც არ იქნება სწორი რომ გავახმაურო. მე შეიძლება ერთი ემოცია მქონდეს, მაგრამ ამის თქმის უფლება არ მაქვს. მე ანალიზს ვაკეთებ იმ ფაქტობრივი ინფორმაციით, რომელსაც თითოეული ეს ადამიანი გვაძლევს. კერძოდ, რამდენად თანხვედრაშია გარკვეული ჩვენებები, ესენი დავაზუსტოთ. დღეს გვაქვს საკმაოდ ბევრი მასალა, იმისთვის რომ შევადაროთ, როგორც საქმეში არსებულ მასალებს, ასევე ინფორმაციებს, რომელიც გვაქვს და გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.