ფიქრია ჩიხრაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად საპარლამენტო ჯგუფებსაც შეხვდებიან

14:56 08-06-2018
106

პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გაგრძელდება.

ჩიხრაძის ინფორმაციით, შეხვედრები შედგება როგორც საპარლამენტო ჯგუფებთან, ასევე, უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

"დღეს იყო შეხვედრა პროფესიულ წრეებთან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს. ჩვენ ველოდებით მათთან კონსულტაციებს. არ გამოვრიცხავთ და შეიძლება, მათაც ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატურები და ამ კანდიდატურებზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესოზე”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პარლამენტსაც ეკისრება. სწორედ ამიტომ, ერთად უნდა გააანალიზონ აქამდე დაშვებული შეცდომები:

"აღარ გვაქვს იმის დრო, რომ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალო ნაბიჯებით. ეს პასუხისმგებლობა როგორც პრეზიდენტზე, ასევე პარლამენტზეა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვხედავთ პრობლემებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, არსებული შეცდომების ანალიზით, კონსენსუსს დაფუძნებული ჯანსაღი პროცესი წარიმართოს" - დასძინა ჩიხრაძემ.

დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩევსლებსა და პროფესიულ წრეებს შორის შეხვედრა შედგა.

 

ავტორი: