გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის ფედერაციის მცდელობა, რომ იმიჯური ომი მოიგოს, ჩაიშალა

11:34 08-07-2018
97

როდესაც 10 წლის წინ, რუსეთის ოკუპაცია შეიარაღებული ძალებით ხორციელდებოდა ჩვენს მიწა-წყალზე, ჩვენი პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიცია იყო იმის მიზეზი, რომ მსხვერპლი ნაკლები იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის მცდელობა, რომ იმიჯური ომი მოიგოს, ჩაიშალა.

„გულითადად მივესალმები ჩვენს სტუმრებს პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან და უკრაინიდან. დიდი მადლობა ჩვენ გვერდით დგომისთვის დღესაც, პრაქტიკულად ყოველთვის, როდესაც საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. მადლობა იმ მძიმე გამოცდილებისთვის, იმ მძიმე ვიზიტისთვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გქონდათ ოკუპაციის ხაზთან. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს რუსული აგრესიის ნამდვილი სახე. ფაქტობრივად ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელ ტერიტორიაზე გატარებულია მავთულხლართები. მადლობა ამ დროს ჩვენ გვერდით დგომისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით იდექით მაშინ, როდესაც რუსეთის ოკუპაცია 10 წლის წინ თავის ტანკებითა და შეიარაღებული ძალებით ხორციელდებოდა ჩვენს მიწა-წყალზე. მაშინ ჩვენი პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიცია იყო მიზეზი იმისა, რომ მსხვერპლი ნაკლები იყო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნაკლებად შეძლეს თავისთვის დასახული მზაკვრული მიზნის მიღწევა. 

მინდა დავიწყო ერთი საკითხის აღნიშვნით - 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც ჩართული იყო რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები, მაგრამ საქართველოს ამ ორი რეგიონის ოკუპაცია ბევრად უფრო ადრე დაიწყო - 1992-1993 წლებში, როდესაც რუსეთის ძალისხმევით ჰიბრიდული ომის მეშვეობით, ეს ორი რეგიონი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჩამოშორდა. დროებით, მაგრამ ჩამოშორდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ განპირობებული იყო არა ნატო-თი, არა ევროკავშირით, როგორც 2008 წელს რუსული პროპაგანდა ცდილობდა ამის მონათვლას, არამედ ეს გადაწყვეტიება განპირობებული იყო იმით, რომ საქართველომ გადაწყვიტა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. საქართველომ გადაწყვიტა დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ არსებობას, ბუნებრივ ფესვებს და თვითონ განაპირობოს თავისი მომავალი“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომი განსაკუთრებით მძაფრად შეაფასა. 

„2008 წლის ომი იყო განსაკუთრებით მძაფრი და მძიმე თუნდაც ადამიანური მსხვერპლის შედეგით, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამ ომს მოყვა სრულიად გაუგონარი და უსამართლო მცდელობა იმისა, რომ მსოფლიოს გაერო-ს მიერ აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები გამოაცხადოს. მინდა მადლობა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიურ კორპუსს და აგრეთვე ჩვენს კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის ეს მცდელობა, რომ იმიჯური ომი მოიგოს, იქნა ჩაშლილი. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.