თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია იმისი, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინ მე ასე ვიტყოდი, როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როდესაც დაიწყო საომარი მოქმედებები იმ დროს, როდესაც საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
“იმ დროს საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როდესაც შენ დახმარება არ გაქვს, როდესაც უპირატესობა არ გაქვს, როდესაც მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, როდესაც იცი, რომ საზღვარზე მიმდინარეობს წვრთნები და იქ ასეულობით ჯავშანტექნიკა და ათასეულობით სამხედრო იმყოფება და რაღაცას ელოდებიან. აი, როდესაც ეს მოცემულობაა სახეზეა და პროვოკაციაზე აყოლა და შენ ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? ამას რა ჰქვია? უცოდინრობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაცა გარიგება საუკუნოვან მტერთან? ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ და რომელსაც ანალიტიკოსები უნდა პასუხობდნენ. ჩვენ ამ კითხვაზე თუ პასუხი არ გავეცით, მომავალში კვლავ შეიძლება, აღმოვჩნდეთ სასტიკ სიტუაციაში. ჩვენი მტერი უცვლელია და ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს აგრესორი და ოკუპანტი. უნდა დავძლიოთ ჭკუითა და გაერთიანებით და არა იმით, რაც არ გვაქვს. ეს სიძულვილი, რაც ქვეყანაშია და რაც ჩემკენაც წამოვიდა, გარწმუნებთ რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.