არჩილ ტატუნაშვილი, გმირი

13:29 08-08-2018
1442

2008 წლის ომის დროს ერაყში მსახურობდა, საერთაშორისო მისიაში ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი ჯარისკაცების გვერდით იბრძოდა. სწორედ იქ გაიგო, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკვე თბილისს უახლოვდებოდა, რომ მის სოფელს უკვე ოკუპანტები აკონტროლებდნენ, რომ ჯერ არავინ იცოდა, რითი დასრულდებოდა აგვისტოს ომი.

რუსეთის საოკუპაციო ჯარის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ ერაყიდან სამხედრო დანაყოფი გამოიყვანა. მათ შორის არჩილ ტატუნაშვილიც. როცა თბილისში ჩამოვიდნენ, სამხედრო მოქმედებები უკვე შეჩერებული იყო, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვსა და თბილისს შორის აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. 

როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე სახლში მივიდა, მშობლებისა და და-ძმის სანახავად.

არჩილ ტატუნაშვილის დედა რუსუდან ტატუნაშვილი:

„ღამის ოთხ საათზე მოვიდა სახლში მეგობართან ერთად. განერვიულებული იყო. ტიროდა, რა დღეში ჩაგვიგდეს ჩვენი ბიჭები, დაჭრილების გამოყვანის საშუალებაც არ მოგვცეს, სითბური ბომბები ჩამოყარეს და ტყეში ცოცხლად დაიწვნენო“.

ნერვიულობდა, რომ ომს ვერ ჩამოუსწრო, ბრძოლა ვერ შეძლო, საკუთარი კუთხისა და ქვეყნის დაცვა ვერ მოახერხა. 

იმ ომმა მერე ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. უკვე არაფერი იყო ისე, როგორც ადრე. ოჯახს სახლ-კარის დატოვება მოუწია. ოკუპაციის პირობებში სოფელში ვეღარ გაჩერდნენ.

დედა: „რუსული სამხედრო თვითმფრინავები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ერთი-ორი თვე მაინც დაფრინავდნენ.  ჩვენ, ახალგორის მოსახლეობა, სახლებში შიშით ვერ შევდიოდით, სახლებში ვერ ვიძინებდით, ტყე-ტყე დავდიოდით, ხშირად ხეების ქვეშ გვეძინა“.

არჩილ ტატუნაშვილი 1983 წელს 2 აპრილს ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში დაიბადა.

ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვი ყოფილა, ჭიდაობა უყვარდა. სკოლაშიც გამოირჩეოდა, წარჩინებული მოსწავლე არ იყო, მაგრამ მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ძალიან ნიჭიერი და სამართლიანიაო. დედა მოგვიანებით გაიხსენებს, რომ ის თავისი ძმისგან ძალიან განსხვავდებოდა, რომ არჩილი „ძალიან მოხერხებული და სწრაფი ბავშვი იყო“.

მეგობრული, სამართლიანი, ძლიერი, ენერგიული, მხიარული. ახლა მისი მეგობრები ცდილობენ, მასთან დაკავშირებული ყველა წუთი მეხსიერებაში შეინახონ. ის პოზიტიური ადამიანი იყო, ომის დროსაც ცდილობდა, ყველა გაემხნევებინა და მოხმარებოდა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს წავიდა რიგით ჯარისკაცად, საქართველოს ერთიანობაზე ოცნებობდა:

დედა: „პირველად ჯარის მიმართ ინტერესი სკოლის მოსწავლემ გამოხატა.  სავალდებულო ჯარმა როცა მოუწია, არც დაფიქრებულა, ისე წავიდა. როგორც კი სავალდებულო სამსახური მოიხადა, კონტრაქტს მოაწერა ხელი. შინაგანად უნდოდა, ფიზიკური აღნაგობაც ხელს უწყობდა. იძულებით არასდროს უმსახურია. კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი მეგობარიც ჰყავდა... ძალიან კეთილი იყო. ბევრი ისტორია მაგონდება ჯარზე. კონტრაქტზე როცა იყო, ერთ დღეს ჩამოვიდა და ახალი ქურთუკი ეცვა. გამიხარდა, რომ  თავისი შრომით ნაყიდი ეცვა. მეორედ როცა მოვიდა, უკვე მის ტანზე ვეღარ შევნიშნე ეს ქურთუკი და ვკითხე, სად წაიღე-თქო. მითხრა, ერთი ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა, სახლში გაუშვეს, მაგრამ ვერ მიდიოდა, რადგან ჩასაცმელი არ ჰქონდაო, გავიხადე და მას ჩავაცვიო… “

არჩილს ერთი და და ერთი ძმა ჰყავდა. და დასაოჯახებელია, ძმას მეუღლე და ერთი შვილი - ბიჭი ჰყავს. დედა ყვება, რომ თავად ოჯახი არ ჰქონდა, ძმისშვილს ანებივრებდა, როგორც შეეძლო. „ერთ თვეში ორი ველოსიპედი უყიდა. ბოლოს როცა ვნახე, მითხრა, რომ ჩამოვალ, ისეთ მანქანას ვუყიდი, ყველა ბავშვი რომ ოცნებობსო“, - ამბობს დედა.

რუსუდან ტატუნაშვილი: „რასაკვირველია, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო. ერთხელ გამაცნო, 2008 წლის ომის შემდეგ შეყვარებული, თუმცა ეს ურთიერთობა არ აეწყო. სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა ბოლო პერიოდში აღარ ჰქონია. ოჯახის შექმნაზეც ამ ეტაპზე  დიდად არ ფიქრობდა, თუმცა, შვილები რომ მეყოლებაო, ხშირად ამბობდა ამ ფრაზას, ანუ დაოჯახებაზე მაინც ფიქრობდა. ტრადიციული შეხედულებების მომხრე იყო. ამბობდა, ნათესაური კავშირები და ურთიერთობები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანიაო“.

2008 წლის ომის შემდეგ არჩილის მთავარი საზრუნავი ოკუპაციის ზონაში დარჩენილი ბებია და ბაბუა იყვნენ. მუდმივად ცდილობდა იქით გადასვლას, ისინი რომ ენახა და დახმარებოდა. გაეგო, როგორ იყვნენ, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. თუმცა, ძალიან კარგად ესმოდა, რომ ეს  ძალიან სახიფათო იყო. ოკუპანტები ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ხაზის იქით არავის უშვებდნენ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ჯარში იყო ნამსახურევი. ყველას მკაცრად აკონტროლებდნენ.

დედა: იქ ვერც იმუშავებდი და ვერც ვერაფერს გააკეთებდი, ამიტომ დავტოვეთ ახალგორის სახლი და წამოვედით. ბებია-ბაბუამ კატეგორიული უარი თქვა სახლის დატოვებაზე. ძალიან გვინდოდა, ჩვენთან გადმოგვეყვანა, თუმცა არ გამოგვივიდა. თავიდან პირადობებით ვახერხებდით  შესვლას, თუმცა არჩილს ეს არ ეხებოდა. არჩილს, როგორც ჯარში და ერაყში ნამყოფს შესვლის უფლებას თავიდანვე არ აძლევდნენ. უშიშროებამ გააფრთხილა, ბლოკ-პოსტს ორას მეტრშიც არ მიუახლოვდეო. თავიდან ასეც იქცეოდა. მერე, 2010 წლიდან საბუთების გაცემა დაიწყეს, ფული გადაიხადა, საბუთები გააკეთა და ყველა გადავდიოდით. ბებია-ბაბუის სანახავადაც ჩადიოდა და ხილ-ბოსტანზე ვაჭრობაც დაიწყო. რამდენიმე დღეში ერთხელ ახალგორის სახლს და ბებია-ბაბუას აკითხავდა. იქ ბევრი მეგობარი ჰყავდა, ამიტომ იქიდან სამუდამოდ წამოსვლაზე არასდროს უფიქრია“.

ბაბუის გარდაცვალების შემდეგ არჩილი მარტო დარჩენილი ბებიის მოსანახულებლად უფრო ხშირად გადადიოდა. მას დიდი ხნით მარტო ვერ ტოვებდა.  

მამას ახსოვს, იმ ღამეს სახლიდან გასულმა არჩილმა როგორ მოიხედა და მამას თვალებში შეხედა: როგორ ვიფიქრებდი, რომ ბოლოჯერ ვუყურებდი მას -გაიხსენებს მოგვიანებით მამა გიორგი ტატუნაშვილი. დედა კი იმ დღეს სამსახურში იყო, ახალგორისკენ მიმავალი შვილი ვერც კი გააცილა.

დედა: „იმ ღამეს, როცა არჩილი ახალგორში წავიდა, მე სამსახურში, ღამის ცვლაში ვმუშაობდი ქარხანაში. საზღვარს რომ კვეთდა, ძალიან გვეშინოდა, სულ ვეუბნებოდით, ხომ იცი, ჯარში ნამყოფები იქ შესვლას ერიდებიან და ნუ წახვალ-თქო. მაგრამ ძალიან უყვარდა იქაურობა. ვერასოდეს იტყოდა უარს და ამბობდა კიდეც, ვერასოდეს შევეშვები, იქ ჩვენი სახლი და მიწააო... სოფელში რომ შევიდოდა, ჯერ მეგობრებს მოიკითხავდა და მერე ბებოსთან მიდიოდა... ბებომ დარეკა, აჩიკო დაიჭირეს, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაუყვანიათ და  სახლი გაჩხრიკესო. უკითხავთ, იარაღი თუ იყო სახლში. ბებო ენაკვიმატი ქალია, უთქვამს, იარაღის მეტი რა მაქვს, ცულიც, წალდიც და ნაჯახიცო. მაგ იარაღს არ ვეძებთო და მთელი სახლი ძირფესვიანად გაუჩხრეკიათ. მარანში, ღვინის შტოფებიც კი სათითაოდ შეუმოწმებიათ. ვერაფერი რომ ვერ უპოვიათ, უფროსი ბიჭის ძველი ბათინკი და სამხედრო შარვალი წაუღიათ, ამ დროს ჩემი შვილი თურმე უკვე მოკლული იყო და სამხილების მოძიების მიზნით გაჩხრიკეს სახლი“.

სახლში ვერაფერი ნახეს. სამაგიეროდ არჩილს გულის ჯიბეში უპოვეს ქართული ლექსი. არჩილის დედა ამბობს, რომ ის მისი ჯარის მეგობრის დაწერილი იყო: „ისე უყვარდა, მეზობლის ბავშვს დააზეპირებინა და სთხოვდა ხოლმე, რომ მოეყოლა. მისი ცხოვრება ზუსტად ისე დასრულდა, როგორიც ამ ლექსის ტექსტია“.

სისხლის გუბეში მბორგავ სხეულზე

წვიმის წვეთები თითებს დაუყვა

ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი

ქართული მიწის ნაპრალს ჩაუყვა

ვერ შეგვაჩერებს ჩვენ ტყვიის წვიმა

და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით

ვუტევთ უდრეკად ბოლო წუთამდე

სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა

ახალგორს მაინც არავის მივცემთ

დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად

რადგან მომავალს ერთობა მივცეთ

გადამწვარ ველზე დანისლულ თვალებს

გადაეკვრება როდესაც ბინდი

ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს

დარჩება გვამი, უცნობთა ცივი


ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა

თვალცრემლიანი მშობელი დედა

ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს

რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება...

ოჯახს ჯერ უთხრეს, რომ არჩილი დააკავეს; მერე, რომ ტერორისტად გამოაცხადეს; შემდეგ, რომ ფეხი დაუცურდა, კიბეზე დაგორდა და გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.

დედა: „ხმები გაავრცელეს, ბადრაგისთვის იარაღის წართმევა უნდოდა, კიბეზე ფეხი აუცდა და დაეცა, თავი დაარტყა და ასე გარდაიცვალაო. მოგვიანებით ვერსია შეცვალეს, რომ გულის შეტევა დაემართა. სინამდვილეში, როგორც ხმები მოგვივიდა, ბორკილდადებული იქ ათ შეიარაღებულს ებრძოდა, რომ ვერ მოერივნენ, ამიტომ აწამეს და მოკლეს ტყვიით. ცხედარსაც კვალის წაშლის მიზნით არ გვაძლევდნენ. მთელმა საქართველომ ნახა ჩემი შვილის დამტვრეული ხელები“.

არჩილის მამა: „როცა გავიგე, რომ დაიჭირეს, ოჯახის წევრებს გულს ვუმაგრებდი, თუმცა მე ვიცოდი, რომ იქიდან მისი გამოშვება ასე მარტივად არ მოხდებოდა. აჩიკო ოკუპაციის რეჟიმს შეეწირა. ჯარში სამსახურის გამო შეგნებულად დაიჭირეს, თორემ ასე არ გაიმეტებდნენ“.

ოჯახისთვის, ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის, ეს მძიმე დღეები იყო. სიჩუმე, მოლოდინი, კითხვები...

დედა: „ბებომ როცა დარეკა, ჩემი მეუღლე და უფროსი ბიჭი მაშინვე წავიდნენ ახალგორში. ჩემი მეუღლე საზღვარზე არ გადაუშვეს, უკან მოაბრუნეს, ძმა მაინც გადავიდა. სახლში და გზაზე ელოდებოდა, რომ რამე შეეტყო. ბოლოს გურწიევთან მივიდა ვითარების გასარკვევად. სწორედ მისი დაჭერილი ყოფილა აჩიკო.  ვინაობა და ნათესაური კავშირის შესახებ უკითხავს, ბოლოს უთქვამს, არაფერი ვიციო, გავარკვევ ყველაფერს და დაგიკავშირდებითო. სინამდვილეში დაკავებაშიც თვითონ მონაწილეობდა და სახლის ჩხრეკაშიც. მოგვიანებით ჩემს უფროს შვილს, თეიმურაზს მეგობრებმა დაურეკეს და ურჩიეს, მანდ ნუ გაჩერდებიო. მე იმედიანად ვიყავი, რადგან თქვეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანესო. ვიფიქრე, შეამოწმებენ, ჩემი შვილი ნარკომანი არ არის და უკან გამოუშვებენ-თქო, თურმე ამ დროს აჩიკო უკვე მოკლული ჰყავდათ. ადრე ყოფილა შემთხვევა, რომ დაუჭერიათ და ისევ გამოუშვიათ ბიჭები“.

თითქმის ერთი თვე ჰყავდათ ოკუპანტებს არჩილის ცხედარი ტყვეობაში - ოჯახისთვის მის გადმოცემაზე უარს ამბობდნენ. ეს ნერვების ომს უფრო ჰგავდა.  

დედა რუსუდან ტატუნაშვილი: „ჩემმა რძალმა სამსახურში დამირეკა, ჟურნალისტები გკითხულობენ და იქნებ მოხვიდეო. ვიფიქრე, რამე ხომ არ ჩაუდეს ჩემს შვილს-თქო და სასწრაფოდ წამოვედი სახლში. ტელევიზიით თურმე უკვე გამოცხადებული ჰქონდათ, რომ აჩიკო მოკლული იყო. სახლში რომ ამოვედი და ამბავი გავიგე, არჩილის ლოგინს დავემხე და ცხარე ცრემლით ვიტირე, სხვა რა გზა დამრჩენოდა“.

ოჯახის წევრები ამბობენ, დამშვიდობება არასოდეს უყვარდაო, მაშინაც, როცა ბოლოჯერ გავიდა სახლიდან, არავის დამშვიდობებია.

არჩილ ტატუნაშვილს 2018 წლის 2 აპრილს 35 წელი შეუსრულდებოდა. მისი დაბადების დღე მის ორმოცს  დაემთხვა.

მამა: „ყოველ წუთს მაქვს იმის იმედი, რომ ჩემი შვილი საიდანღაც გამოჩნდება, თუმცა შემდეგ, ღრმად რომ დავფიქრდები და გავიაზრებ, ვხვდები, რომ ეს ასე აღარ მოხდება, ძალიან ძნელია. რაც დრო გადის, უფრო მიმძიმს“.

ზუსტად არავინ იცის, როგორი იყო არჩილ ტატუნაშვილის ბოლო წუთები. ოჯახს მხოლოდ კითხვები აქვს. ერთი იცის, რომ მისი შვილი ოკუპანტებს არ შეეპუა. ეს მისი ომი იყო და ეს ბრძოლა საკუთარ თავში მოიგო - კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას ოკუპაციის სახე, კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი თითოეულისთვის მხოლოდ საფრთხეა და რომ ის ანადგურებს ყველას და ყველაფერს...