რეზერვისტი - გიგა ოთხოზორია

13:37 08-08-2018
246

გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. მას საოკუპაციო რეჟიმმა ესროლა. და ზოგჯერ ფიქრობ, რომ კონკრეტული დამნაშავე პირები ამ დროს არ არსებობენ, ეს რეჟიმის სახე და თვისებაა – გაანადგუროს, მოკლას, წაშალოს...

რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციამდე ის გალში ცხოვრობდა, იქვე დაიბადა 1985 წლის 12 ოქტომბერს. ოკუპაციამ სკოლაში მოუსწრო, ოჯახი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა და წალენჯიხის რაიონში გადასულიყო. სოფელ ლიაში დასახლდნენ. ეს გიგას დედის სახლი იყო. იქ ერთი წელი დაჰყვეს.

გიგას დედა ჯულიეტა ჭანტურია ახლა მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს. ეს ერთადერთია, რასაც მას ვერავინ წაართმევს.

„ჩემი შვილი ძალიან მოსიყვარულე, თბილი და ყურადღებიანი იყო ყველას მიმართ, ყოველთვის... ბავშვობაში ძალიან მოუსვენარი და მხიარული გახლდათ. ზოგჯერ მამამისი იტყოდა ხოლმე: უნდა დავაბა ეს ბავშვი, ერთი წუთით მაინც რომ გაჩერდესო. არ შეეძლო ერთ ადგილას ყოფნა, ინტერესიანიც იყო, ყველაფერი აინტერესებდა... სიმღერა უყვარდა, სკოლაში – მათემატიკა...“ – ცრემლების გარეშე უჭირს დედას შვილის გახსენება. 

უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად ეკონომიკის ფაკულტეტზე (კონტროლი, აღრიცხვა, აუდიტის განხრით) ჩაირიცხა. სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ ბანკ „კრედოში“ კრედიტ ოფიცრად მუშაობდა.

რა თქმა უნდა, მას ყოველთვის ახსოვდა აფხაზეთი და საომარი მოქმედებების ტკივილიანი დღეები. ძალიან ბევრმა მისმა მეგობარმა, ნათესავმა, ახლობელმა დაკარგა საყვარელი ადამიანი, ომმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი. ასეთ ისტორიებს მუდმივად ჰყვებოდნენ მის გარშემო და ყოველთვის ჰქონდათ სახლში, საკუთარ მიწაზე დაბრუნების ნოსტალგია.

ამიტომაც 2008 წლის ომში წასასვლელადაც მზად იყო:

„მეუბნებოდა, როგორც კი დამიძახებენ, მაშინვე წავალ, ვიომებ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო. გიგას მეჯვარე ერაყის მისიაში მსახურობდა. ის იმ დღესვე წაიყვანეს, სულ ბოლთას სცემდა, გიორგის ურეკავდა ხოლმე, თქვენთან ერთად ვარ, როგორც კი დამიძახებენ, მაშინვე მოვალო, ეუბნებოდა... გიგა რეზერვისტი იყო, თავისი ტანსაცმელი, ნომერი და ავტომატიც ჰქონდა. ამიტომაც ყოველ წუთს ელოდა, რომ ომში გაიწვევდნენ, წავიდოდა და იომებდა...“ – იხსენებს დედა. 

2016 წელს ის ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე ე.წ. მესაზღვრები დაედევნენ. ერთ-ერთმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ  მას რამდენჯერმე ესროლა. ტყვია ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში მოხვდა, ბოლოს თავში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. თავად კი, თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მკვლელობის ფაქტი პერიმეტრზე დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირა.

ის ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ნინო ოთხოზორია ახლა ორ შვილს უმამოდ ზრდის, ქეთი უკვე 14 წლის არის, აკაკი – 9-ის. ძალიან უჭირს ამ ტრაგედიასთან გამკლავება.

ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გაიცნეს. ნინოს ყურადღება მაშინვე მიიქცია სიმპათიურმა ბიჭმა, რომელიც მეცხრე კლასში სწავლობდა და განსაკუთრებული იუმორით გამოირჩეოდა. თავად მერვე კლასში იყო. თუმცა, ამ გაცნობიდან გავა კიდევ ცოტა ხანი და ისინი ერთმანეთს „არტ გალერიაში“ გამოფენაზე შეხვდებიან... სკოლის დასრულების შემდეგ გიგა ნინოს ხელს სთხოვს და ისინი სამუდამოდ დაუკავშირებენ ერთმანეთს ბედს.  

„მერვე კლასიდან მეთერთმეტე კლასამდე შეყვარებულები ვიყავით, როგორც კი სკოლა დავამთავრე, ცოლობა მთხოვა. ერთ დღეს კი სახლში მოვიდა, ჩემთან და მითხრა: ან დღეს ან არასოდესო და წავედით... გიგამ ტაქსი აიყვანა და მის ორ მეგობართან ერთად აფხაზეთში გადავედით ბებიამისის სახლში. თურმე ბაბუას უთქვამს მისთვის, ცოლს რომ მოიყვან, პირველად ჩემთან მოდითო. ბაბუა მაშინ ცოცხალი უკვე აღარ იყო, სახლში ბებია დამხვდა. თბილი, მოსიყვარულე ქალი“. – იხსენებს ნინო ოთხოზორია.

მათ მხოლოდ 12 წელი იცხოვრეს ერთად. ეს სიყვარულით, სითბოთი და ერთმანეთის ზრუნვით სავსე წლები იყო.

„ძალიან თბილი იყო, წესრიგი უყვარდა. შეეძლო, ბავშვური საქციელით ყველაფერი გაელამაზებინა, დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა. შვილებთან იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ისე ეთამაშებოდა, რომ ზოგჯერ მათზე უფრო პატარა მეგონა. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი. ნებისმიერ დროს შეეძლო მოსულიყო, ეკოცნა, ეთქვა, ძალიან მიყვარხარო... მარტო ჩემს მიმართ არ იყო ესეთი, დედა განსაკუთრებულად უყვარდა, ბებიას ეთაყვანებოდა...“

გიგას ქალიშვილი მამასთან ურთიერთობის ბოლო დღეს იხსენებს. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ქეთი სკოლაში მიიყვანა და უთხრა: კარგად ისწავლე, აუცილებლად კარგად ისწავლეო... „ახლა ეს ფრაზა ანდერძივით დამრჩა“, – ამბობს ის.   

2017 წლის 17 მარტს კი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდადებულზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა.

გიგა ოთხოზორია 30 წლის იყო.