"სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა გადაუდებელი საჭიროება, როგოც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გააკეთოს სწრაფი რეაგირება იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს ზიანის მომტანი" - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
"სახელმწიფოს გააჩნია ნაკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, ასეთი ტიპის გეგმები ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას ბიუჯეტირების მხრივ, ახლა ჩვენ პრემიერის დავალებით დაგვჭირდება მნიშვნელოვანი გადახედვა. პირველ რიგში, ბიუჯეტირების მხრივ, რადგანაც პრევენცია, დეტექცია, რეაგირება ისედაც იყო ჩადებული. სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა გადაუდებელი საჭიროება, როგოც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გააკეთოს სწრაფი რეაგირება იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს ზიანის მომტანი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა ორი საჭიროება, რომელიც პრიორიტეტული იყო, მაგრამ არა ასე სწრაფად განსახორციელებელი. პირველი, გაჩნდა საკანონმდებლო და რეგულაციური ვაკუუმი, როდესაც უნდა გაიმიჯნოს და განისაზღვროს ასაკები, პროფესიები და სხვა ფაქტორები, ვისზეც არ გავრცელდება ეს. მაგალითად, სამუშაო საათებში გარკვეული პროფესიები მქონე ადამიანზე და ა.შ. ასე თავისუფლად და რეკრეციულად არა... მეორეს მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუჩნდა საჭიროება ის პრევენციის და რეაბილიტაციის პროგრამა, რაც კი არსებობს ქვეყანაში, ბევრად უფრო მოცულობითი და სწრაფ შედეგზე ორიენტირებული გახადოს“ - განაცხადა სერგეენკომ.
მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 30 ივლისს გამოაცხადა. თუმცა, სანქციები მაინც იარსებებს. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.