2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის „ოჯახის უფროსის“ სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა.
მართალია, ზემოხსენებულ აქტებში პირდაპირ არ არის მითითებული თუ ვინ არის, ან ვინ უნდა იყოს ოჯახის უფროსი, თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ წარმოდგენებში „ოჯახის უფროსად“ მოიაზრებოდა მამაკაცი, რომელიც მისი სქესის გამო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. სახალხო დამცველის აზრით, თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი, რაც, თავის მხრივ, სქესის საფუძველზე ნეგატიური შეხედულებების წამახალისებელია.
ზოგად წინადადებაში ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკანონმდებლო ბადე, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად უნდა ისწრაფოდეს დემოკრატიული საზოგადოების ისეთი იდეალებისკენ, როგორიც პირთა შორის თანასწორობის პრინციპის დამკვიდრება და სტერეოტიპებისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაა.
ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური უჯრედის მთავარი მახასიათებელი არის თანასწორობა და პირთა თანაბარი მონაწილეობა შინამეურნეობის საქმიანობაში. საკანონმდებლო დონეზე ასახული ტერმინი კი თავისივე შინაარსში ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი რომელიმე პირის დომინირებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტების მიზნებისთვის აქცენტი ტერმინ „ოჯახის უფროსის“ შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.