ოქტომბრიდან ხორბლის და ქერის კულტურაში სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

10:07 08-10-2018
67

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ხორბლის და ქერის კულტურა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. შესაბამისი დადგენილება, „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამურნეო კულტურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, მთავრობის სხდომაზე გუშინ მიიღეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება იმ კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული და რომლის თანახმად, ქვეყანაში გარკვეული კულტურების სათესლე და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს.

„ოქტომბრიდან ხორბლის და ქერის კულტურაში სერტიფიცირება იქნება სავალდებულო. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი და კონტროლირებადი სათესლე მასალა, რომელიც მათი საქმიანობის წარმატებაზე პირდაპირ აისახება. ჩვენ, ბოლო წლებში, დადებითი ტენდეცია გვაქვს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით - მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის დონის ზრდაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან და მათ შორის, ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი: