შესაძლოა პრეზიდენტს ვიღაც აშანტაჟებს. უნდა მიმართოს სასამართლოს, რათა მოხდეს ამ ფაქტის დეზავუირება. სხვადასხვა საშუალება არსებობს: გამოსვლა, სასამართლო, თუნდაც შარდის ჩაბარება - ასე გამოეხმაურა პრაიმტაიმის პრესკლუბში, ექსპერტი მამუკა არეშიძე, დასავლური პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში ვიზიტის დროს, მარიხუანას მოწევისთვის დააჯარიმეს.
ექსპერტი ამბობს, რომ ეს განცხადება მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. თუმცა, მოგვიანებით ყვება, რომ უცხოელმა ექსპერტებმა მას ამ საკითხზე ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც მითხრეს, სიგარეტის მოწევის გამო გადაახდევინეს უზარმაზარი ჯარიმა და არ გაჩერდა. როგორც ირკვევა, მხოლოდ სიგარეტზე არ იყო საუბარი. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება პრეზიდენტს არ აქვს, თუმცა ამაზე საუბარი არ მსურს, ვიხელმძღვანელებ გამოცემის ინფორმაციით - განმარტა არეშიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოიკვეთოს პრეზიდენტის კავშირი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ზეწოლა მოხდა ქართული ოცნების მხრიდან და ზეწოლის განხორციელება მოხდა პრეზიდენტის ხაზით - იმერლიშვილისა და კვერენჩხილაძის საშუალებით, ექსპერტმა ასე უპასუხა:
პრეზიდენტს ერთი მთავარი ფუნქცია აქვს: წარმოაჩინოს ქვეყანა და მთავრობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მთავარი ფუნქციის შეურაცხყოფა კი არ ვარგა.
მარგველაშვილმა შეიწყალა 4000 პატიმარი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში და აქედან შეწყალებულებში 1800 კაცამდე ნარკოტიკებთან არის კავშირში, რომელთაგან ზოგი ნარკომომხმარებელი, ზოგიც დილერია. დიდი რიცხვია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ შესაძლოა პრეზიდენტს ვიღაც აშანტაჟებს. თუ პრეზიდენტის მხრიდან მართლა მოხმარების ფორმა იყო, რაც დასავლურმა პრესამ გაავრცელა, თუ გადავხედავთ და ვნახავთ, რომ დილერებია შეწყალებული, შეწყალებულთა შორის ბიოგრაფიიდან თუ გაირკვა, რომ მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ძალიან მძიმე დანაშაულზეა შეწყალებული, საერთო სურათი იქმება. როგორც სოციალურ ქსელში მივაქციე ყურადღება, საზოგადოებას უჩნდება კითხვა, ვინმე ხომ არ აშანტაჟებს პრეზიდენტს, რომ ასე იცავს ნარკო თემას?! - დასძინა არეშიძემ.
ექსპერტის განმარტებით გამოსავალი ერთია, თუ მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობა ან პოლიტიკური კარიერის გაგრძელება სურს, სასამართლოს უნდა მიმართოს და ამ ფაქტის დეზავუირება მოახდინოს:
უნდა მიმართოს სასამართლოს, რათა მოხდეს დეზავუირება ამ ფაქტისა, იყო ეს ფაქტი - თუ არა. თუ არ მიმართავს გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ არ არის საქმე სუფთად. ასე ღიად, მარტო პრეზიდენტი მიესალმა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. სწორედ ეს მთლიანი მოცემულობა აღიზიანებს საზოგადოებას. საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება - თუ ხუთმაგად არა. ფაქტის დეზავუირებისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს: გამოსვლა, სასამართლო, შარდის ჩაბარება - განმარტა არეშიძემ.
ექსპერტის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, ეს ფაქტი მის შედეგებზე გავლენას მოახდენს.
მაკრონის თემა გავიხსენოთ. ფრანგებმა მაკრონი გადააყოლეს იმ ფაქტს, რომ მისი თქმით, გასინჯა მოსაწევი. იქ ამბავი ატყდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. საზოგადოების უმეტეს ნაწილს არ მოსწონს პრეზიდენტის მხრიდან გადაცდომები - დასძინა არეშიძემ პრაიმტაიმის პრესკლუბში სტუმრობისას.
ვაშინგტონ დეილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში ვიზიტის დროს, მარიხუანას მოხმარების გამო დააჯარიმეს.