ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე რასაკვირველია, მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი გამოთქმა იყო. ასე რომ, მე ორიანს დავუწერდი ამ გამონათქვამში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში - ასე გამოეხმაურა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ცოტა გამიკვირდა ასეთი განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან, ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. შესრულებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ და რომლის მიხედვითაც, 2006 წელს რუსეთის ბოლო ჯარისკაცს უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში სალომე ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული, კატეგორიული.
მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომზე რასაკვირველია, მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი გამოთქმა იყო, მაგრამ ვერ დავუკარგავ, რაც მანამდე გაუკეთებია.
ასე რომ, მე ორიანს დავუწერდი ამ გამონათქვამში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა პრეზიდენტობის კანდიდატისა, მაშინ შეიძლებოდა ამის „გატარება“. მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, ამის გამო გული არ აიცრუოს" - განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭიროს თუ არა მხარი ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში:
"ვერ ვხედავ ჯერჯერობით ამის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ მას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილის სიმპატია აქვს, მაგრამ მეორე ნაწილის სიმპათია ნამდვილად არ გააჩნია“ - დასძინა არეშიძემ.