სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, 1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს.
ჯერ კიდევ 30 ივლისს, პრაიმტაიმმა შავაძის შესახებ საინტერესო დეტალები მოიპოვა და გამოაქვეყნა. სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, მასზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობდა.
პრაიმტაიმმა გაარკვია, რომ შავაძე წარმოშობით აჭარელია. იგი უშუალოდ იბრძოდა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს. როდის წავიდა შავაძე სირიაში და კონკრეტულად როდის შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის რიგებს, უცნობია, თუმცა დახურულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარადგინა ვიდეო- და ფოტო მტკიცებულებები, რომლებიც შავაძის სირიის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს ადასტურებს. ჩვენი ინფორმაციით, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჰმედ ჩატაევთან, როდესაც ეს უკანასკნელი თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. უფრო მეტიც, სწორედ მის მიერ შედგენილი რუკის მიხედვით შემოვიდა საქართველოში აჰმედ ჩატაევი. როგორც ჩანს, წარმოშობით აჭარელმა რუსლან შავაძემ ზედმიწევნით იცოდა, როგორ შემოეპარებინათ საერთაშორისო ტერორისტი საზღვრის მწვანე ზოლზე ისე, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდა. ირკვევა, რომ სწორედ რუსლან შავაძემ უზრუნველყო კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე ჩატაევის და მისი დაჯგუფების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და აჭარაში გადმოყვანა.
გავარკვიეთ ისიც, რომ რუსლან შავაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გასული წლის დეკემბერში თურქეთის ქალაქ ტრაპზონში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გოჩა საღინაძესთან. შავაძე ჩატაევთან ერთად გარკვეული პერიოდი თურქეთში საღინაძის სახლში ცხოვრობდა, საიდანაც თურქმა სამართალდამცველებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა ამოიღეს.
21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ რუსლან შავაძის კვალი იკარგება. მასზე ქართველ სამართალდამცველებს ძებნა აქვთ გამოცხადებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
იგივე ვადას საპატიმროში მოიხდის შოაიფ ბორზიევი. ის აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებიდან ერთადერთია, ვინც სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ცოცხალი გადარჩა.
რუსლან შავაძისა და შოაიფ ბორზიევის გარდა, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულების მიმართაც. კერძოდ, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს – 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს – 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ამავე საქმეში ბრალდებულ ბაადურ ჩოფანაშვილისა და ზურაბ გორნაკაშვილის საქმე, შესაბამისად, მათ მიმართ საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულები 26 დეკემბერს თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს. როგორც ცნობილია, ამ სპეცოპერაციას წინ უძღოდა 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირების დროს მთლიანად განეიტრალდა ბინაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, ასევე, რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი. სწორედ ამ სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი შოაიფ ბორზიევი. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან კი სამართალდამცველებმა მთელი რიგი მტკიცებულებები ამოიღეს, მათ შორის აჰმედ ჩატაევის პირადი კომპიუტერი. სწორედ ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა კავშირი საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე პირთან, ძირითადად პანკისის ხეობიდან. პირველად ამ მასალებში ამოტივტივდა თემირლან მაჩალიკაშვილის გვარიც, რომელიც 26 დეკემბერს სხვა ბრალდებულებთან ერთად უნდა აეყვანათ, თუმცა სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების მტკიცებით, აჰმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს კი დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.