მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე - მოსახლეობა დიდგორობის დღესასწაულს აღნიშნავს (ვიდეო)

14:30 08-12-2018
536

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსახლეობამ მშვიდობიანი მსვლელობა-აქცია მოაწყო.

მსვლელობა მუშტაიდის სკვერის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 საათისთვის დაიწყო. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირი ფეხით გაიარეს და პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის მემორიალთან გაჩერდნენ. 

აქციაში მონაწილეთა ნაწილი სპეციალურად დაკვეთილი სამარშუტო ტაქსებით დიდგორის ველისკენ მიემართება.

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, მსვლელობის ორგანიზება სტუდენტებმა დაგეგმეს და ფინანსური დახმარება ემიგრანტებმა გაუწიეს.

დიდგორის ველზე, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, დოღი და ა.შ.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები უკვე ეწვივნენ.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი”, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ბრძოლა ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია.



ავტორი: