სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართველ ხალხს დიდგორობის დღესასწაულს ულოცავს.
საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა დიდგორის ომიში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა დავით აღმაშენებლის გამარჯვება გაიხსენა და ქართველ ხალხს მუდამ გამარჯვება უსურვა:
„ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება, შედგება ბრძოლებისგან - ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს დიდგორობაა – უდიდესი ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. უპირველეს ყოვლისა, დავით აღმაშენებელს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც ისე დაგეგმა და მოაწყო, რომ გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი იყო მტრის რაოდენობა, დავით აღმაშენებელმა სიბრძნე გამოიჩინა, ჩახერგა უკან დასახევი გზები. გაგზავნა 200 გამორჩეული მხედართმთავარი, რომლებიც მტერს მოღალატეები ეგონა. გვერდებიდან ქართულმა ჯარმა დაარტყა და გამარჯვება გარდაუვალი გახდა. ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ. ჩვენ იმ დროს ვცხოვრობთ, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ შენ გაიმარჯვებ შენს თავზე, შენ ყველგან გამარჯვებული იქნები. ჩვენს ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ – იმ ნაკლს, რომელიც ჩვენშია. დავით აღმაშენებელმა უკან დასახევი გზები ჩახერგა. უკან დახევა არ შეიძლებოდა. ესე იგი, დავით აღმაშენებელი თვითონაც საკუთარ თავს საშიშ მდგომარეობაში აყენებდა, მაგრამ მას ღვთის იმედი ჰქონდა. ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში. დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება. არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების“, - ბრძანა პატრიარქმა.
დიდგორის ველზე, დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ბრძოლა დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.