თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ფიქრობს, რომ კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოხუცდა, დაიღალა და არ შესწევს იმის ენერგია, რომ რეორგანიზაცია და გარდაქმნები წამოიწყოს.
როგორც გიორგი ტიგინაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, საკადრო ცვლილებები გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, პრობლემა კი ის არის, რომ ილია მეორის ავტორიტეტთან იგივდება ეკლესია და წმინდა სინოდის კრებსითობა ამით ერთგვარად ზიანდება, იზღუდება და უხერხულ მდგომარეობამდე დადის.
"მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უდაოდ დიდი პიროვნებაა. მან მრავალი სასიკეთო საქმე აღასრულა ერისა და ეკლესიისათვის. ცხადია ბევრ რამეში ეპოქა და კონტაქტებიც დაეხმარა, აგრეთვე წმინდა სინოდის მღვდელმთავრებიც და სასულიერო პირებიც, რომელთაც დიდი ღვაწლი და ამაგი მიუძღვით მის კვალდაკვალ. იყო დიდი და საბედისწერო შეცდომებიც (პატრიარქიც ადამიანია, ცოდვილი, მოკვდავი და მონანული) მისი მხრიდან, რასაც თავადაც აღიარებს. ამჟამად, იგი მოხუცდა, დაიღალა და გარკვეულწილად დაუძლურდა კიდეც. ცხადია ასაკიდან გამომდინარე მას არ შესწევს იმის ენერგია რომ რეორგანიზაცია და გარდაქმნები წამოიწყოს, საკადრო ცვლილებები მოახდინოს ან სისტემა შეცვალოს, რაც გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ მის ავტორიტეტთან იგივდება ეკლესია და წმინდა სინოდის კრებსითობა ამით ერთგვარად ზიანდება, იზღუდება და უხერხულ მდგომარეობამდე დადის. ეს უნდა გაიაზროს საზოგადოებამ, რომ ილია II ქრისტესნაცვალი კი არ არის (მსგავსი წარმოდგენა მკრეხელობაა), არამედ მოციქულთა ისეთივე მემკვიდრე, როგორც ყველა ეპისკოპოსი. და ეკლესიის ცხოვრებას არეგულირებს არა რომელიმე ავტორიტეტი, არამედ უშუალოდ ეკლესიის თავი, ცოცხალი ღმერთი იესო ქრისტე, მისით მოცემული სახარება და სახარების სულით აღვსილ მამათა სწავლება რომელიც დიდ სჯულის კანონში აღიბეჭდა. ამიტომ სენტიმენტალიზმითა და ემოციით კი არ უნდა ვიმსჯელოთ ეკლესიის რაობაზე, პატრიარქობასა და რწმენაზე, არამედ ჭეშმარიტი რწმენის პირუთვნელი და თავისუფალი კატეგორიებითა და მადლისმიერი გამოცდილებით რომელიც საუკუნეებს ითვლის!", - წერს გიორგი ტიგინაშვილი.