დიმიტრი ხუნდაძე: დეკრიმინალიზაცია მიღწეული არ უნდა იყოს ნარკოტიკების მოხმარების გზით - რა რეგულაციებს შემოიღებს პარლამენტი

14:51 08-13-2018
92

"დეკრიმინალიზაცია მიღწეული არ უნდა იყოს ნარკოტიკების მოხმარების გზით. ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა არა ლიბერალური" - ამის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"ის რომ მარიხუანა არის უსაფრთხო, ასეთი მსჯელობაა სწორედ საფრთხის შემცველი. ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი მცენარე, რომელიც არის მძლავრი ჰალუცინოგენი და იწვევს კოორდინაციის დარღვევას, ქცევით აშლილობებს, ემოციურ ეგზალტაციას და ვფიქრობ, რომ ამ ნივთიერების ხელაღებით გამოყენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და მოზარდებში გარკვეულ ხიფათებს შეიცავს" - დასძინა ხუნდაძემ.

უმრავლესობის წევრის განცხადებით, სწორი იყო პრემიერის, ჯანდაცვის მინისტრის, მთავრობის წევრებისა და პარლამენტში ამ საკითხებზე მომუშავე გუნდის წევრების განცხადებები. რაც შეეხება პრეზიდენტის დამოკიდებულებას არსებულ საკითხზე, ვერ ხვდება, რა მოსწონს და რას ეთანხმება ქვეყნის პირველი პირი. ამასთან, ხუნდაძის თქმით უნდა დაწესდეს მკაცრი რეგულაციები, რასაც სავარაუდოდ, პირველ სასესიო კვირაში ინიციატივის სახით წარადგენენ:

"გაუგებარი და ხიფათის შემცველი იყო პრეზიდენტის განცხადებაც და დამოკიდებულებაც, რომ ის ეთანხმება და მას მოსწონს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. 

პარლამენტი, მთავრობის გუნდთან ერთად შევიმუშავებთ მკაცრ რეგლამენტაციას, რომ ის ღია სივრცეებზე, რაც რისკის შემცველია, ანდა საზოგადოებრივ ხიფათს წარმოადგენს, შემოვიტანოთ შესაბამისი რეგულაციები. ეს იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების აკრძალვა, ასევე, საგანმანათლებლო სექტორში, საჯარო სამსახურში, მნიშვნელოვანია მაღალი რისკის და საპასუხისმგებლო საქმიანობების შემსრულებლებისთვის მარიხუანის შეზღუდვა და აკრძალვა. მართვის მოწმობის, იარაღის ტარების უფლების გაცემის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცენზის შემოღება, რომ მოზარდები და ახალგაზრდები დავიცვათ ასეთი მავნე თვისებების მქონე ნივთიერებების ხელაღებით მოხმარებისგან" - განმარტა ხუნდაძემ.

მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 30 ივლისს გამოაცხადა. თუმცა, სანქციები მაინც იარსებებს. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

 

ავტორი: