საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან კინკლაობას არ აპირებს. საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე.
"რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, თითქოს პრეზიდენტი დაასახელებს ვინმე თავის თანამშრომელს, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის კინკლაობაში ჩვენ მიზანმიმართულად არ შევდივართ, არ ვპასუხობთ ასეთი ტიპის კომენტარებს, გამომდინარე იქედან, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვიაზრებთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ თითოეული ჩვენგანი და ქვეყანა. არ გვინდა ასეთი ტიპის შეფასებებზე პასუხები, არ გვინდა ამან გამოიწვიოს პასუხის პასუხი და ამან მთლიანობაში დააზიანოს ის პროცესი, რომელიც გვინდა კარგად წარიმართოს ", - განაცხადა კოჟორიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასამართლოში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა. ამას კი ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. პრეზიდენტის მრჩევლები ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ხვდებიან.