კონგოში გაუჩინარებული პილოტის, სოსო ოსორაულის ძმა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დახმარებას სთხოვს.
გიორგი ოსორაული ამბობს, რომ ერთი წელია ხელისუფლებას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. დაკარგული პილოტის ძმა დარწმუნებულია, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. ძმის მოძებნას კი მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს. რამდენიმე ქვეყანაში ამბის გასარკვევად იყო კიდეც, თუმცა ვის შეხვდა და რა ინფორმაცია მიაწოდეს, დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
ოჯახის უფლებებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს. ორგანიზაცია ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
"მთავრობამ გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქის დასაცავად; პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისა და გაუჩინარებული მფრინავის ძმის, გია ოსორაულის მონაწილეობით; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდეს ეფექტიანად, სრულყოფილად და დროულად ცნოს დაზარალებულად სოსო ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლები - ნინო ოსორაული და გია ოსორაული" - აცხადებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში".
არსებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი და კონგოს სამხედრო ძალების მიერ დაქირავებული პილოტი ადგილობრივმა მეამბოხეებმა 2017 წლის 27 იანვარს დაატყვევეს.