ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ - რას აპირებენ გარდაცვლილის მშობლები და ძმა

21:45 08-15-2018
1067

სმიტების სახლი ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, პირველად რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ გააღეს. ისინი მარნეულში რამდენიმე დღეა ცხოვრობენ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. 

კურიერის ინფორმაციით, სმიტების ოჯახის ერთ-ერთი საზრუნავი ახლა გარდაცვლილი შვილის სურვილის ასრულება და მარნეულში სათამაშო მოედნის მოწყობაა. პროექტის შესაბამისი წინადადება მათ მერიაშიც უკვე შეიტანეს. რაიან სმიტის ძმა ამბობს, რომ ოჯახი მერიისგან მხოლოდ მიწის გამოყოფას ითხოვს, სათამაშო მოედნის ღირებულებას კი ის მთლიანად თვითონ იხდის.

ორგანიზაცია მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი იხსენებს, რომ რაიან სმიტს, სრულად გაწერილი გეგმა ჰქონდა სკვერის ასაშენებლად, თუმცა მასზე ნებართვის გაცემა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააჭიანურა. ნონა სამხარაძე ყვება, რომ რაიან სმიტს საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით მაცხოვრის სახელობის სკვერის გაკეთების იდეა ჰქონდა, თუმცა ნებართვა მარნეულში სახელწოდების რელიგიური შინაარსის გამო არ მისცეს.

რელიგიური შინაარსის სახელწოდების გამო ნებართვის გაცემის გაჭიანურებას უარყოფს და ჭორებს უკავშირებს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ზაურ ტაბატაძე ამტკიცებს, რომ არც რაიან სმიტსა და არც მისი ოჯახის წევრებს მერიაში დასრულებული პროექტი არ წარუდგენიათ.

მარნეულში სათამაშო მოედნის აშენებას ემხრობიან ადგილობრივები.

მოეწყობა თუ არა მარნეულში სკვერი სმიტების სახელზე, ოჯახისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული. საკითხის მოგვარებაში უკვე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც არიან ჩართული.

7 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

პირი, რომელსაც ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად, 1998 წელს დაბადებული, 19 წლის მალხაზ კობაურია.

ბრალდებული წილკანის დევნილთა დასახლების მკვიდრია და ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ავტორი: