ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ "ველმონდის" ადმინისტრაციამ ხარვეზები უნდა გამოასწოროს, რათა უწყებებმა მის გახსნას მხარი დაუჭირონ

15:57 08-16-2018
73

ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სასტუმრო "ველმონდი" იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ნორმებს დაიცავს და ხარვეზებს გამოასწორებს, აუცილებლად გაიხსნება.

მართალია სეზონის ამ პერიოდში მისი დახურვის გადაწყვეტილება კომპანიისთვის მტკივნეულია, თუმცა რამდენიმეთვიანი კონსულტაციების პერიოდში სასტუმრო ინფორმირებული იყო ხარვეზებზე, რომლის გამოსწორებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკები, რომელშიც ჩართულები ვიყავით. ხარვეზების შესახებ და რა უნდა გამოასწოროს, კომპანია მაქსიმალურად არის ინფორმირებული. იმ შემთხვევაში, თუ იქნება პროგრესული დინამიკა ამ უსაფრთხოების ნაწილის გამოსწორებაში, რა თქმა უნდა, ყველა უწყება მაქსიმალურად მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს სასტუმროს გახსნას.

სეზონის პიკზე სასტუმროსთვის ასეთი გადაწყვეტილება მტკივნეულია, თუმცა ყველამ ერთად და მათ შორის კომპანიამაც, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად პოზიტიური დინამიკა დავანახოთ ამ უსაფრთხოების ნაწილის გამოსწორებაში, რომ ადმინისტრაციულ უწყებას ჰქონდეს საშუალება მიიღოს მისი გახსნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლექვინაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, რომ შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. 

ველმონდის" (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაციამ ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება ითხოვა, რაზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უარი განაცხადა. 

„სასტუმროს ადმინისტრაციას ჰქონდა ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ არათუ გამოესწორებინა კონკრეტული დარღვევები, არამედ ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოება მაინც დაეწყო. შესაბამისად, მოგვმართონ წერილით, განვიხილავთ, ეს სამომავლოდ სასაუბრო თემაა. ამ ეტაპისთვის ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ სასტუმრომ ექსპლუატაცია უნდა შეაჩეროს და ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა შეაჩეროს. ჩვენი პოზიცია უცვლელია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეოგრანდს" სახელი 2018 წლის თებერვალში გადაარქვეს, მას შემდეგ, რაც 2017 წლის ნოემბერში ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.

 

ავტორი: