ბესელიას განმარტებით, უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც კანდიდატს შესთავაზებენ

16:05 08-17-2018
99

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მას შემდეგ ჩაერთვებიან, რაც პრეზიდენტი უკვე შერჩეულ კანდიდატს წარადგენს. სათანადო პირის შესარჩევად კი, სიღრმისეულად იმსჯელებენ:

"ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, თუმცა ახლა ის ეტაპია, როცა კონსულტაციებს პრეზიდენტი აწარმოებს. პარლამენტი პოლიტიკურ პროცესში მას შემდეგ ერთვება, რაც კანდიდატს შემოგვთავაზებენ. გადაწყვეტილების მიღების კუთხით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან მართლმსაჯულების რეფორმას ვახორციელებთ და ამ რეფორმის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თავმჯდომარის შესახებ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ ეს პროცესი დაკნინდეს. პირიქით, მნიშვნელოვანია, კანდიდატის შერჩევა ყველა იმ კრიტერიუმის დაცვით მოხდეს, რაც ამ პროცესს მაღალ ლეგიტიმაციასა და სანდოობას მისცემს. მნიშვნელოვანია, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები. ამ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა მოგვიწევს“, – განაცხადა ბესელიამ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში კონსულტაციები 6 აგვისტოდან დაიწყო. პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ: აკადემიური წრეების, ადვოკატთა ასოციაციაციის, შესაბამის ფორმატში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტთან ამ საკითხზე კონსულტაციებს არ აპირებენ, რადგან ამის აზრს ვერ ხედავენ.

ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ კი, კანდიდატურის წარდგენის პრეროგატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში გადავა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა.

ნინო გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

ავტორი: