სასტუმრო "ველმონდი", ყოფილი "ლეოგრანდი", საქმიანობას 18:00-ზე დროებით შეწყვეტს

17:25 08-17-2018
113

სასტუმრო "ველმონდმა" (ყოფილი ლეოგრანდი) სასტუმროში მყოფი სტუმრების სხვადასხვა სასტუმროებში გადანაწილების პროცესი დაასრულა და 18:00-ზე საქმიანობას დროებით შეწყვეტს.

„აჭარის მთავრობის ჩართულობით, უშუალოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხერხდა სტუმრების გადანაწილება, მოიძებნა შესაბამისი დონის სასტუმროებში ადგილები და ადმინისტრაცია ამ ვადაში ჩაეტია, დღეს 18:00 საათზე გადაწყვეტილება იქნება შესრულებული.

ყველაფერი რომ მოწესრიგდება, შემდეგ გაიხსნება სასტუმრო" - განაცხადა სასტუმროს ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა და დასძინა, რომ იმ პირებს, ვისაც უკვე ჰქონდათ სასტუმროში ჯავშანი გაკეთებული, პრობლემას არ შეუქმნიან და სათანადოდ გადაჭრიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, რომ შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. 

ველმონდის" (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაციამ ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება ითხოვა, რაზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უარი განაცხადა. 

„სასტუმროს ადმინისტრაციას ჰქონდა ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ არათუ გამოესწორებინა კონკრეტული დარღვევები, არამედ ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოება მაინც დაეწყო. შესაბამისად, მოგვმართონ წერილით, განვიხილავთ, ეს სამომავლოდ სასაუბრო თემაა. ამ ეტაპისთვის ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ სასტუმრომ ექსპლუატაცია უნდა შეაჩეროს და ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა შეაჩეროს. ჩვენი პოზიცია უცვლელია“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეოგრანდს" სახელი 2018 წლის თებერვალში გადაარქვეს, მას შემდეგ, რაც 2017 წლის ნოემბერში ხანძარი გაჩნდა და 11 ადამიანი დაიღუპა. მათგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.

ავტორი: