სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ფულადი კონპენსაცი არ მოხდება, თუმცა ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ იქნება - ლევან დავითაშვილი

14:51 08-19-2018
98

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას, ყურძნის ჩაბარებაზე პრობლემა არ ექნება. 

"გუშინდელი სტიქიის შემდეგ შექმნილ შტაბს მუდმივი კონტაქტი აქვს კომპანიებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ. დავსახეთ სამოქმედო გეგმა. მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. ხვალ დილიდან დაიწყებენ კრეფას.

ყველა ფერმერს მოვუწოდებთ, განსაკუთრებით მევენახეებს, რომ აგროდაზღვევის ინსტრუმენტი ბოლომდე გამოიყენონ. ჩვენის მხრივ მუდმივად ვიქნებით კონტაქტზე, თუმცა ზარალის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება ამ შემთხვევაში არ მოხდება" – განაცხადა დავითაშვილმა.

კახეთის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან. სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში ყურძნის მოსავალი თითქმის სრულად განადგურდა. ასევე, სტიქიის შედეგად დაზარალდა თელავის მიმდებარე სოფლები: შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.

სტიქიაზე და გამოსავალზე მსჯელობისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბის სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა.

ავტორი: