ჟურნალისტი ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. მისი თქმით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. წერილს "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ.
"ციხეში პატიმრების წამებაზე რომ დავირაზმეთ, ფსიქიკურის პაციენტის წამებაზე გულგრილი რატომ ვართ?
"სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა განყოფილების ერთ-ერთ პაციენტს მარცხენა თვალბუდის არეში და საფეთქლის მიდამოში სისხლნაჟღენთები,
ხოლო მარჯვენა წარბის არეში ექსკორიაცია აქვს. პაციენტმა განაცხადა, რომ “თავი კედელზე არტყმევინეს”.
ჰიგიენური თვალსაზრისით ქალთა განყოფილების
პაციენტთა უმრავლესობის თმის მოკლედ შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ თუ თმის მოკლედ შეჭრაზე პაციენტმა უარი განაცხადა, მაშინ ე.წ. "უბორშჩიკები" (ქალი პაციენტები, რომლებიც გაყოფილებებში დამლაგებლის
როლს ასრულებენ) სცემენ მას " - წერს ჭელიძე.
"პრაიმტაიმი" შეეცადა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს დაკავშირებოდა, თუმცა ნომერზე, რომელიც საკონტაქტო ნომრად აქვს კლინიკას მითითებული, დაკავშირება ვერ ხერხდება.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე, ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა შეშფოთება. მისი თქმით, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტები ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
„სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო", - ეწერა ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.