გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია აცხადებს, რომ მთავარი საკითხი, რაზეც ყურადღებას გაამახვილებს ადგილობრივი შრომითი რესურსების პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა იქნება. ახალმა რწმუნებულმა გურულებს დაპირებები უკვე მისცა:
გურია ჩემი მშობლიური მხარეა, და შესაბამისად ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენს კუთხეს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, ადგილობრივი შრომითი რესურსების პროფესიულ გადამზადებას, და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. ვპირდები გურულებს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გურიამ და გურულებმა იგრძნოს უკეთესი ცხოვრება, განვითარება - განაცხადა ნასარაიამ.
ახალი გუბერნატორი, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკუთარი გუნდით არ მოდის და ყველა იმ პირს, ვინც დავალებებს სათანადოდ შეასრულებს, თანამდებობა შეუნარჩუნდება:
თუ ადამიანი ტემპს აგვიწყობს, და გააკეთებს იმ ტემპში დავალებებს, რაც შესასრულებელია, ასეთ ადამიანებთან მუშაობა პირიქით გამიადვილდება და გავაგრძელებთ. მთავრობას ჰყავს ამ წუთში მოქმედი გუნდი, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას, თუ აუცილებელი გახდა რომელიმე საკადრო ცვლილება, ამაზე უკან არ დავიხევთ - განაცხადა გურიის ახალმა გუბერნატორმა და დასძინა, რომ ამ პრინციპით იმოქმედებს მოადგილეების შემთხვევაშიც.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს საქართველოს რეგიონების 7 ახალი გუბერნატორი წარადგინა, მათ შორისაა ზურაბ ნასარაია.