ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბავშვობისდროინდელ ისტორიას იხსენებს, რომელიც მას ნატანებში მომხდარმა ტრაგედიამ გაახსენა:
"ბავშვობაში დამზაფრა ამ ამბავმა - რაჭაში დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო, დედამ მუცელი აუკრა, რომ არ შესტყობოდა ეს "უბედურება და სირცხვილი". შემდეგ ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს. 17 წლის გოგო დაიჭირეს ახალშობილის განზრახ მკვლელობისთვის. დანარჩენი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება და უფლებები ბედნიერებაზე.
განდევნეთ შიში თქვენგან. საკუთარი თავის მეტს არავის და არაფერს ეკუთვნით. ძალადობას თუ არ დაუპირისპირდები, მინიმუმ ფეხებზე უნდა დაიკიდო მისი არსებობა. და თუ გრძნობ, რომ შენი საკუთარი ძალა არ კმარა სიტუაციის არსში გასარკვევად, იპოვე ვინმე, თუნდაც უცნობი და ელაპარაკე შენს პრობლემაზე", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
სოფელ ნატანებში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო. 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. არასრულწლოვანმა მშობლებს მოუყვა, როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი და ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა.