რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ყოველთვის დგას. ანგელა მერკელისა და პუტინის შეხვედრის დროს კი, მხოლოდ იმიტომ არ იყო საქართველო ნახსენები, რომ საბედნიეროდ, საქართველოში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს:
„როდესაც საერთაშორისო დღის წესრიგზე ვსაუბრობთ, აქ არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გერმანია – ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ჩვენი უძველესი მოკავშირე დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წუთიდან. სწორედ ამის გამოხატულებაა გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რამდენიმე დღეში შედგება. რაც შეეხება პუტინი-მერკელის შეხვედრას, განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ეს დღეს საქართველოში არ ხდება. ქვეყნის დეოკუპაცია არის უმთავრესი ამოცანა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორისთვის“,- განმარტა სუბარმა.