სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, შრომის უნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია, თუმცა მათი უმეტესობა თვითდასაქმებულია. კერძოდ, მოქალაქეების 56 % თვითდასაქმებულია, 12 % კი უმუშევარი.
საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 2%-ითაა შემცირებული.
მდგომარეობის გაუმჯობესება კი სეზონურ სამუშაოებს უკავშირდება. დასაქმებულთა რიცხვი ყველაზე მაღალი მშენებლობებსა და სოფლის მეურნეობის დარგშია.
"უმუშევრობის დონემ 12.1% შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა კვარტალთან შედარებით 2%-ით შემცირებულია. ცვლილება განპირობებულია სეზონურობის ფაქტორით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დასაქმების კუთხით, მშენებლობებსა და სოფლის მეურნეობის დარგშია" - განაცხადა თოდრაძემ.