"საერათაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ პრეზიდენტს კარგად არ აქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სწორად შერჩევა. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს. გიგაურის განცხადებით, თავიდანვე განაცხადეს, რომ სამოქალაქო სექტორი მხოლოდ მონიტორინგს განახორციელებდა.
"პრეზიდენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანზე, რომელიც წარდგენილი იქნება პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის უნიკალური შანსი, შეირჩეს ისეთი ადამიანი სასამართლოში, რომელიც მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც არის ამ სისტემაში. ვფიქრობ, ისე ვითარდება მოვლენები და ისე ჩანს, რომ მხარეებს ეს გაზიარებული არ აქვთ.
პრეზიდენტისთვის უარი არ უთქვამს არავის იმაზე, რომ თუკი ის ვინმეს შეარჩევს და გვკითხავს აზრს, მივაწოდოთ ჩვენი შეფასება. ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე. არ არის იმის დრო, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და ამ ყველაფერში შემოვიდეს სამოქალაქო სექტორი, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ მხოლოდ მონიტორინგს განახორციელებდა.
ვფიქრობ, რომ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აქვს პრეზიდენტს, მან კარგად უნდა გაიაზროს", - განაცხადა გიგაურმა.