რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების 10 წლის თავზე, სოხუმსა და ცხინვალში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე არ ჩავა. რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თავისთან მიიწვია.
ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ცხინვალში, აღიარებიდან 10 წლის თავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე გასული წლის ნოემბერში დაპატიჟა, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მოწვევაზე უარი განაცხადა. მიზეზად გადატვირთული გრაფიკი დასახელდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს და მისი ეს ნაბიჯი, სწორედ ამას ადასტურებს.
პარალელურად კი საქართველოს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ეწვევა, რომელიც თბილისში ჩამოსვლას 23-24 აგვისტოს გეგმავს.
მერკელსა და პუტინს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, თუმცა როგორც ცნობილია, საქართველოზე საუბარი ვიზიტის დროს, არ ყოფილა.