ფიქტიური ხასიათის შეთავაზება იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სურდა ჩვენი ჩართვა კონსულტაციებში - დიმიტრი გვრიტიშვილი

16:33 08-21-2018
93

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი "პრაიმტაიმთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ოფიციალური წერილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართვაზე, არ მიუღიათ.

მოგვიანებით, სატელეფონო საუბარში, პრეზიდენტის მრჩეველმა საბჭოს მდივანს არაგონივრული ვადა მისცა საბჭოს წევრების შესაკრებად. ეს იმ დროს განახორციელა, როდესაც საბჭოს წევრები შვებულებაში იყვნენ. გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სურდა საბჭოს ამ პროცესებში ჩართვა და მათი შეთავაზება ფიქტიური იყო:

"მე პირადად ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, გამოვთქვი სურვილიც და მზადყოფნაც, რომ ჩავრთულიყავი ამ პროცესებში და ვიცოდი ჩემი კოლეგების მოსაზრებაც, რომ ისინიც მზად იყვნენ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად. კონსულტაციები დაიწყო, თუმცა საბჭოს არ მიუღია ოფიციალური მოსაწვევი, კონსულტაციებში ჩართვის თაობაზე.

დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, დაახლოებით 2-3 კვირა გვაქვს ხოლმე აგვისტოს თვეში დასვენება და ჩავთვალეთ, რომ აგვისტოს განმავლობაში ეს კონსულტაციები არ გაიმართებოდა, ჩვენი ჩართულობით და გავედით შვებულებაში.

დღეს ჩემთვის ხდება ცნობილი, რომ დაახლოებით 13 თუ 14 აგვისტოს კახა კოჟორიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი.

კოჟორიძემ მოსთხოვა მიქაუტაძეს, რომ ორი-სამი დღის განმავლობაში მოხერხებულიყო ორგანიზება, რათა საბჭოს წევრები კონსულტაციებში ჩავბმულიყავით. მიქაუტაძემ აუხსნა, რომ ვართ შვებულებაში, ზოგი წევრი საქართველოშიც არ იმყოფება და სთხოვა, რომ აგვისტოს ბოლომდე  გადაწეულიყო კონსულტაციებში ჩაბმის ვადა.

ეს განცხადება, რაც დღეს გაკეთდა, მიქმნის ეჭვს, რომ რეალურად პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სურდა ჩვენი ჩართვა კონსულტაციებში.  შეარჩიეს ისეთი პერიოდი, როდესაც სრული შემადგენლობა შვებულებაში ვიყავით და დაამთხვიეს ეს კომუნიკაცია საშვებულებო პერიოდს. ვადაც, რომელიც საბჭოს შესაკრებად მისცეს მიქაუტაძეს არაგონივრული იყო. ეს იყო ფიქტიური ხასიათის შეთავაზება და ამ საკითხის ისე წარმოჩენა, როგორც დღეს გაკეთდა განცხადება, თითქოს საბჭო უარს ამბობს კონსულტაციებში ჩართვაზე" - განაცხადა გვირიტიშვილმა "პრაიმტაიმთან".

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ კი განაცხადა, რომ პროცესში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე უზენაეს სასამართლოს შესთავაზა, თუმცა მათგან უარყოფითი პასუხები მიიღო.

 

ავტორი: