გერმანიაში საქართველოს ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის შეფასებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დადასტურდება საქართველო-გერმანიის მჭიდრო თანამშრომლობა:
„პირველ რიგში, გერმანიასთან ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი სურვილია, რომ გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობა გადავიდეს თვისობრივად ახალ ფორმატში. გერმანია, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მხარს უჭერს როგორც საქართველოს ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამიტომ, გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარების პოლიტიკას“- განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა, საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას.
მისი განცხადებით საქართველოს მთავრობა და საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აქტიურად მუშაობს გერმანიის მხარესთან, როგორც ფედერალურ მთავრობასთან, ასევე პოლიტიკურ წრეებთან, მიწის მთავრობებთან ყველა იმ თემაზე, რომელიც საქართველოსთვის არის პრიორიტეტული.
„შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს ძალიან კარგი ე.წ. უკუგება თვითონ პოლიტიკური ისტებილიშმენტის და ეს ვიზიტიც ხაზს გაუსვამს ამას და თვითონ კანცლერიც ვიზიტის ფარგლებში ყველა თემაზე დააფიქსირებს თავის პოზიციას“ - განაცხადა ელჩმა.
ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა გერმანიის მთავრობის მიდგომაზე, კერძოდ ევროპის ახალ აღმოსავლურ პოლიტიკაზე, რომლის შესახებაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰააკო მაასმა ქართველ კოლეგასთან ბერლინში შეხვედრის დროს გააჟღერა. ელჩის განცხადებით, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, კანცლერი ისაუბრებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე და მათ შორის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე საქართველოს საკითხთან მიმართებაში.