სარესტორნო ხარჯები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული თანხები - ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

19:58 08-22-2018
342

თბილისის საკრებულოს დეპუტატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

ხაბეიშვილი ხვალ ადგილზე, 14:00-ზე უნდა გამოცხადდეს.

საქმე ეხება სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაწყებულ მოკვლევას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ, სარესტორნო ხარჯებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებს ეხება.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა "პირველ რადიოს" განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციასთან" ერთად, ერთობლივი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებიც 14 ივლისს გასაჯაროვდა. კვლევის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან ივნისის თვემდე, სხვადასხვა სამინისტროებმა რესტორნებში 4 მილიონი დახარჯეს. ხაბეიშვილის თქმით, სუს-მა მოკვლევა კვლევის შედეგების გასაჯაროების შემდეგ, ზვიად კუპრავას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სამსახურს ყველა შესაბამისი დოკუმენტაციას და ჩეკებს მიაწვდის.

აღნიშნულ მოკვლევასთან დაკავშირებით სუს-მა დღეს ზვიად კუპრავაც გამოკითხა.

ავტორი: