საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის ანგელა
მერკელის ვიზიტი საქართველოში, კიდევ ერთხელ გახლავთ იმის დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის - გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს იგი საქართველოში 10 წლის წინ იყო, ასევე იმ რეალობიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს. ეს არის კიდევ ერთხელმხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, ასევე, იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, არის მხარდაჭერა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს სამშვიდობოპოლიტიკის,“- განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას.
„აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს შესაბამისობაში საგარეო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროცესებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის რეგიონალური ხასიათის, რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში“-აღნიშნა მინისტრმა.