რა ინიციატივები აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთის განვითარებისთვის

21:43 08-22-2018
83

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მთის განვითარების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სხდომაზე რამდენიმე ინიციატივა განიხილეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა ინიციატივები ტყეში ნარჩენი რესურსის გამოყენების და გადამუშავების საწარმოების თანადაფინანსების კუთხით, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება და საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ტყეზე ზეწოლა, შეშის გამოყენება, ვაწარმოოთ ალტერნატიული საწვავი საშუალებები ბრიკეტების და პელეტების სახით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს ეკოტურიზმის მხარდაჭერა და ტყის რესურსის გამოყენება ამ კუთხით, მათ შორის, ეკოტურიზმის ინიციატივების წახალისება, ტყის ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა და მოწყობა.

„ასევე გვექნება ინიციატივები, რომლებიც მხარს დაუჭერს ავეჯის წარმოებას და მერქნული რესურსის გამოყენებას. გარდა ამისა, ქართული ტყე ძალიან მდიდარია არამერქნული რესურსით – ეს არის როგორც ტყის კენკრა, ასევე სხვადასხვა ტიპის ხილი, სამკურნალო და საკვები მცენარეები. შესაძლებელია მათი გადამამუშავებელი, შესაფუთი საწარმოების ჩამოყალიბება და ეს ინიციატივაც მთიან რეგიონებში მხარდაჭერილი იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ იქნება თანადაფინანსების კომპონენტები, რაც მაღალმთიან რეგიონებში დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, განავითარონ ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

ავტორი: