შსს: ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ანგელა მერკელის ჩამოსვლისას აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, რის გამოც დააკავეს

16:51 08-23-2018
367

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა. 

"დღეს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა. იგი არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების წესებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა. ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და აღნიშნული პირი შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გადასცეს. ხოლო საპატრულო პოლიციამ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა" - განუცხადეს "პრაიმტაიმს" შს სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ანგელა მერკელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. აეროპორტიდან ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, შემდეგ კი, გერმანიის კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.