მამუკა ბახტაძე: რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს

18:04 08-23-2018
78

ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარსა და პარტნიორს, - ასე დაიწყო ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გერმანიის კანცლერისადმი მიმართვა საქართველოს პრემიერმა.   ბახტაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა რუსულ ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე. მამუკა ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმებასა და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„მინდა აღვნიშნო, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ჩვენი სახელმწიფოსი და ეს არის ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით, გვეამაყება, რომ საქართველოს ერთგული პარტნიორია გერმანიისთვის. თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, რომელმაც წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზა.

ჩვენ კანცლერ მერკელთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსი არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პერსპექტივაზე.

რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციას. დღეს, სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ფაქტობრივად, ანექსირებულია.

ჩვენი პასუხი ამ მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები იქნება დაცული, - განაცხადა პრემიერმა.