მინდოდა, რომ ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა რატომ არ იყენებდა - ასე განმარტა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტმა კონსტანტინე შუბითიძემ მის მიერ ანგელა მერკელისთვის დასმული კითხვა და დასძინა, რომ პასუხით კმაყოფილია:
ჩემი კითხვა შეეხებოდა იმას თუ რატომ არ იყენებდა კანცლერი ტერმინ „ოკუპაციას“. ორი დღის განმავლობაში და მანამდეც, ფაქტობრივად, არ გამოუყენებია ეს ტერმინი და ამ კითხვაზე პასუხად ამბობდა, რომ ეს არის უსამართლობა, რაც ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. სწორედ ამიტომ, მე მესამე ვიყავი, ვინც ამ შინაარსის კითხვა დასვა, უბრალოდ წინა ორ შემთხვევაში თავი აარიდა და უფრო კონკრეტულად და მკაფიოდ ვკითხე რატომ არ იყენებდა ტერმინ ოკუპაციას. ამ ტერმინის გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. პასუხით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ მინდოდა, რომ ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა რატომ არ იყენებდა. კანცლერმა საბოლოოდ გამოიყენა ეს ტერმინი და მე კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც არის გერმანია და ანგელა მერკელი სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში.“
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტმა კონსტანტინე შუბითიძემ დღეს, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ანგელა მერკელს ჰკითხა, რატომ არ იყენებდა კონკრეტულად ტერმინ ოკუპაციას, რაზეც გერმანიის კანცლერმა განაცხადა: დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად.
ანგელა მერკელი დღეს ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
პრესკონფერენციის შემდეგ, გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა.