გერმანიის კანცლერის შეფასებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
„საქართველოში არის ვიზალიბერალიზაცია. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. უსაფრთხოების კონცეფციასთან ეს არ არის დაკავშირებული. ეს არის კლასიფიკაცია, როგორ ვაფასებთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, წამების დაუშვებლობას და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვია. გუშინ მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ჩატარდა პრემიერისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია.
დღეს, ანგელა მერკელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებს შეხვდა. მოგვიანებით კი საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა. დღის ბოლომდე მერკელი მამუკა ბახტაძესთან ერთად, აეროპორტში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება.
ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, გერმანიის კანცლერი დღეს დაასრულებს. შემდეგი შეხვედრები ანგელა მერკელს სომხეთსა და აზერბაიჯანში ექნება.