ირაკლი კობახიძე: ანგელა მერკელმა ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას

13:16 08-24-2018
51

„ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ის არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, არამედ, ის არის ევროპული მასშტაბის და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი. აქედან გამომდინარე, მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. განცხადებები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა.

"მან ამ ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას - ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას  ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - დასძინა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის კანცლერსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრას როგორც უნივერსიტეტის პროფესორი ესწრებოდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

„გერმანია და კონკრეტულად ქალბატონი მერკელი არის ძალიან მყარი მხარდამჭერი ჩვენი სუვერენიტეტის. იგი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ევროპულ ინტეგრაციისკენ და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. დღეს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია ქალბატონ კანცლერთან. მე მადლობას გადავუხდი სტუდენტებს ძალიან საინტერესო შეკითხვებისთვის და მადლობას გადავუხდი ქალბატონ მერკელს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის ნამდვილად არის მსოფლიო მასშტაბის ლიდერი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა და ურთიერთობა როგორც გერმანიასთან, ასევე ევროკავშირთან.

„დღევანდელმა ფორმატმა უნივერსიტეტში ქალბატონ მერკელს იმ თემების ფართოდ გაშლის საშუალება მისცა, რომელზეც მას  საუბარი გუშინაც ჰქონდა. იყო საუბარი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან -  საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარი იყო ჩვენს სწრაფვაზე დასავლეთის მიმართულებით და  კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანია  ჩვენი მყარი მხარდამჭერია. ჩვენთვის მთავარია გავაღრმავოთ თანამშრომლობა და  ურთიერთობა გერმანიასთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ავტორი: